ახალი ამბები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

7 მარტი, 2017 • 2872
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის  საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.

უწყების ცნობით,  2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს ,,პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ ხელშეკრულებები გააფორმა ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ,,ბჟუჟი“-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

“აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს ,,პირამიდა – ფ.რ. ფილიალის“ ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 – დან 15  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი