საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თქმით, უახლოეს მომავალში მაუწყებლის ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდება. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ახალი შენობა მაუწყებლის ამჟამინდელი შენობის გვერდით, კოსტავას 68 ნომერში აშენდება და 2018 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს თანამედროვე და თავის სფეციფიკაზე მორგებულ შენობაში:

იგეგმება ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერების კანონით გათვალისწინებული წინადადების მომზადება. ეს იყოფა ეტაპებად. ჯერ უნდა მომზადდეს საპროექტო დავალება, ამაზე იქნება ტენდერი. შემდეგ იქნება კონკურსი შენობასთან დაკავშირებით – ამაზე იქნება ტენდერი. შემდეგ იქნება მშენებლობაზე. ეს იქნება კოსტავას 68-ში იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ტელევიზიის შენობის ოდნავ გვერდით. რაც მთავარია, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ფაქტობრივად ტელევიზიის მშენებლობიდან, ეს შენობა 1966 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ იმედი გვაქვს 2017 წელს დაწყებული პროცესით 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშვებს ძალიან კარგ თანამედროვე, კონფორტულ და თავის სპეციფიკაზე მორგებულ შენობაში” – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე. 


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარშემო დაწყებულ დისკუსიას 7 თებერვალს გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ უპასუხა. ია ანთაძე ამბობდა, რომ ამჟამინდელი შენობა სრულიად დაუზიანებელია და გააჩნია ყველა პირობა, რომ სწორედ აქ შეიქმნას თანამედოვე ინფრასტრუქტურის სანიმუშო ტელევიზია:

“სულ ერთი თვეა, რაც მაუწყებელში ახალი დირექტორია და, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ვასილ მაღლაფერიძის ყველაზე დიდი შედეგი სწორედ შენობის საკითხის გადაწყვეტა მგონია – საზოგადოებრივი მაუწყებელი არსად არ გადადის, რჩება თავის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მესამე კორპუსში. ეს შენობა სრულიად დაუზიანებელია, მასში განთავსებულია საქართველოსთვის უნიკალური სტუდია და არსებობს ყველა პირობა, რომ სწორედ აქ შეიქმნას თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სანიმუშო ტელევიზია” – ამბობდა ია ანთაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.