“თითქმის ყველა მოწმე ამ საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული, გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომ საქმე გახსნილად გამოვაცხადოთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, გასარკვევი დარჩა მხოლოდ ის, თუ ვისგან მოდიოდა უშუალოდ ბრძანება.
მინისტრმა კომენტარი დღეს, 29 ნოემბერს, ‘ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმებითან’ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. აღნიშნულ შეხვედრას სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ პატიმარ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გუშინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დაკავებული არიან საქმის უშუალო მონაწილეები და შემსრულებლები.
კბილაშვილის განცხადებით, ზედაპირული და არასრულია პატიმრის გარდაცვალების საქმის ძველი მასალები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა. მოწმეებს მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები.
როგორც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სერგო თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე თეთრაძის მეუღლემ პროკურატურას ბაჩო ახალაიას და სხვა პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, დაკავებული პირების გარდა სხვა პირთა მიმართ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს: