“სახელმწიფო თავის მონაწილეობას განათლების დაფინანსებაში აორმაგებს, ეს არ ეხება წინა წლებს, ეხება 2013 წელს. სახემწიფო არ არეგულირებს ფასებს, არეგულირებს მხოლოდ ზედა ზღვარს, ამასთან დაკავშირებით მე საერთოდ არაფერი არ მითქვამს, შესაბამისად, ზღვარი ნარჩუნდება. ჩვენ სტუდენტს ვაძლევთ ორჯერ მეტ თანხას. სტუდნტებო, თქვენ გადასახადი არ გაგიძვირდებათ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “მე–9 არხის” ეთერში.
განათლების მინისტრის განმარტებით, ახლა მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ეს თანხა და როგორ შეიძლება მისი უფრო ეფექტურად ხარჯვა:
“არის ორჯერ მეტი ფული და როგორ უნდა მივმართოთ ეს ფული. ამაზე მე ვცდილობ ავაგო დისკუსია მათთან, ვინც თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ შეხედულების სახით. რა დარგი უნდა განვითარდეს ქვეყანაში; რა დარგი უნდა დააფინანსოს გრანტმა; ბაზარზე რა არის პერსპექტიული. რაც ბაზარზე აქტუალურია, ის უნდა დავაფინანსოთ, თუ პირიქით? ამ კითხვებზე უნდა გამოთქვან საკუთარი აზრი მეცნიერებმა. პირველ რიგში მეცნიერების აკადემიამ, შემდეგ უნივერსიტეტის ლექტორებმა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტრო ამ საკითხებზე კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებებს მიიღებს ამ მოსაზრებების გაზიარება და სამინისტროს ხედვასთან შეჯერება მოხდება:
“მანდატურებთან, გარიცხვის თემასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით მუდმივად ვკითხულობთ, რას ფიქრობს საზოგადოება და პასუხების მიღების შემდეგ ჩვენ ვაყალიბებთ პოლიტიკას. ახლა ვართ მოსაზრებების მოსმენის ეტაპზე”, – განაცხადა მინისტრმა.
მარგველაშვილის თქმით, მოსაზრებების გაზიარების პროცედურა კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც სამინისტრო საკუთარ კონცეფციას გამოაქვეყნებს. მინისტრის განცხადებით, წინა მმართველობისას მისთვის ყველაზე მიუღებელი ცვლილებების მოულოდნელობა იყო, შესაბამისად, სამინისტრო ცდილობს გარკვეული ცვლილებები მხოლოდ მსჯელობის და განხილვის შემდეგ განახორციელოს.