როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნათია იმნაძემ განაცხადა, კითხვები ძირითადაც უფლებადაცვით გამოცდილებაზე დაისვა:
“ძირითადად შეკითხვები იყო სახალხო დამცველის წარსულ საქმიანობაზე. იყო კრიტიკაც წარსული სახალხო დამცველობის, სადაც მე მომიწია ჩემი პოზიციის დაფიქსირება. იყო კონსტრუქციული წინანადადებები და კითხვებიც, იგივე სისხლის სამართლის საქმეების გადასინჯვაზე, ამნისტიის კანონპროექტზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, საკმაოდ სამუშაო ფორმატში იყო ეს შეხვედრა”, – აღნიშნა იმნაძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, კითხვები საკმაოდ მწვავე იყო:
“კითხვები იყო საკმაოდ მწვავე, ცხარე დებატიც გაიმართა გარკვეულწილად. შემიძლია გითხრათ და საბოლოოდ თავად პარლამენტის წევრების შესაფასებელია, თუ ვისზე გააკეთებენ ისინი არჩევანს, მეტადრე მაშინ, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ბატონი უჩა ნანუაშვილის მოსმენაც იგეიგმება სამ დეკემბერს.”
ლია მუხაშავრიას მოსაზრებით, შერჩევის პროცესი საკმაოდ დემოკრატიულად დაიწყო:
“სასიხარულოა, რომ პარლამენტმა აიტაცა ეს პროცესი და ის ცდილობს ყველა კანდიდატს მოუსმინოს, იმგვარად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეჯერებული იყოს და ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
ნეტგაზეთის კითხვაზე, დაუსვეს თუ არა კითხვები უმცირესობებთან დაკავშირებით, მუხაშავრია ამბობს, რომ ყველანაირი კითხვა იყო დასმული:
“ყველანაირი კითხვები იყო დსმული, მათ შორის ჩამჭრელიც და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა, პასუხი გაგვეცა მათზე”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, როცა სხვა კანდიდატებსაც მოუსმენენ.
“იყო ძალიან საინტერესო ეს სამსაათიანი შეხვედრა. თითოეულ კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი თავი წარმოეჩინა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად. იყო კითხვა–პასუხის რეჟიმში, საკმაოდ გახსნილი და ღია შეხვედრა იყო. სამივე კანდიდატი არის მართლაც ღირსეული. ჩვენ კიდევ უნდა მოვუსმინოთ ორ კანდიდატს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.” – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა სავარაუდოდ ომბუდსმენობის არც ერთ კანდიდატს არ შეხვდება. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატს თამარ გურჩიანის უჭერს, სხვა კანდიდატების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს:
„იგივეს ვერ ვიტყვით სხვა კანდიდატებზე, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებით უმცირესობებთან მიმართებაში ძალიან უარყოფითი და ანტიკონსტიტუციური დამოკიდებულებით. მხედველობაში მყავს ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ქალბატონ ლია მუხაშავრიასთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თავის მიერ მიღებულ ძალიან სკანდალურ განჩინებაში მუხაშავრიას არაკვალიფიციურობის თაობაზე მიუთითა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი კანდიდატები არ შეიძლება იყვნენ სახალხო დამცველობის კანდიდატები,“ – ამბობს თაქთაქიშვილი.
მისი თქმით, უმრავლესობამ დაარღვია ის პირობა, როდესაც განაცხადა, რომ ომბუდსმენად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებულ კანდიდატს შეარჩევდნენ:
„პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე, მათ მხარი დაუჭირეს მათი აქტივისტისა და ახლა უკვე გამგებლის მეუღლეს ნინო ხატისკაცს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს თამარ გურჩიანს. ამის შესახებ ჩვენ ადრეც ვამბობდით”, – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
როგორც ცნობილია, თამარ გურჩიანმა პარლამენტში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, უჩა ნანუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება და უმრავლესობის წევრები მას 3 დეკემბერს მოუსმენენ, ხოლო გელა ნიკოლაიშვილმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა.