ოთარ კახიძე: ე.წ. ციანიდის საქმე საგანგებო პროკურორმა ობიექტურად უნდა გამოიძიოს

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ შორენა თეთრუაშვილის დაზარალებულად გამოცხადების შემდეგ, “ევროპულმა საქართველომ” კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე საგანგებო პროკურორმა მიუკორძოებლად უნდა გამოიძიოს და შეისწავლოს მტკიცებულებების შესაზლო გაყალბების საკითხი.

“მთავარი იყო ბრიფინგი, სადაც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა. აღმოჩნდა, რომ თურმე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა მზადდებოდა და მთავარმა პროკურორმა თქვა ტყუილი. ჩვენ ასევე დავსვით იმ მტკიცებულებების წარმომავლობის შესწავლის საკითხი, რომელიც არის ამოღებული; როგორ აღმოჩნდა ბარგში ციანიდი და რა გზით მოხვდა დეკანოზ მამალაძის სახლში იარაღი, რომელიც ამოიღეს. ამმტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირების საკთხი არის შესასწვლი, ოღონდ ამას ვერ დაადგენს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმიტომ, რომ იგი არის დაინტერესებული მხარე. ამიტომ ის უნდა გადადგეს და გამოძიება უნდა ჩაატაროს საგანგებო პროკურორმა, რომელიც მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. დეკანოზი მამალაძე ამბობს, რომ ბარგში მას ციანიდი ჩაუდო გამომძიებელმა. ის ასევე აცხადებს, რომ სუს-ის აგენტმა [ირაკლი მამალძემ] მისცა მას იარაღი შესანახად, რომელიც შემდგომ ამოიღეს. ეს არის მტკიცებულებების ფაბრიკაცია; ეს უნდა გადამოწმდეს და გამოიძიონ,” – აცხადებს ოთარ კახიძე.

საქართველოს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვლი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. თეთრუაშვილი გასულ კვირის ბოლოს იმყოფებოდა პროკურატურაში დასაკითხად. შესაბამისად, პროკურატურის თავდაპირველ განცხადებას, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა, მცდარია და ბრალში შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.