პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე ომბუდსმენობის სხვადასხვა კანდიდატის მოსმენა დაიწყო. სხდომა დახურულია.
ომბუდსმენობის კანდიდატები საკუთარ კონცეფციებს კოალიციის წევრებს გააცნობენ და შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდება.
როგორც მანანა კობახიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, “ქართული ოცნება” თითქმის ყველა კანდიდატს დაუკავშირდა და თხოვა, რომ ჩამოსულიყვნენ, თუმცა პარლამენტში მხოლოდ დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნათია იმნაძე და ლია მუხაშავრია მივიდნენ.
“პირველ რიგში ჩამოვედი იმისთვის, რომ გავერკვე, რა ფორმატში მოხდება ჩვენი მოსმენა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ სხდომა იყოს ღია მედიისთვის. ჟურნალისტების დასწრება იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც საზოგადოებისთვის კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით საუბრის პროცესში გახდეს ცნობილი. იმდენად ვრცელია ჩამონათვალი დღევანდელი ჩვენი მსჯელობის საგნისა , ძალიან შორს წაგვიყვანდა პრიორიტეტებზე საუბარი”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ნათია იმნაძის განცხადებით, შეეცდება უმრავლესობა დაარწმუნოს იმაში, რომ ერთ-ერთი ოპტიმალური კანდიდატია:
“მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ უმრავლესობას ექნება კონკრეტული კითხვები ჩემთან სხვა კანდიდატებთან ერთად და მე შევძლებ ისინი დავარწმუნო იმაში, რომ ვარ ერთ-ერთი ოპტიმალური კანდიდატი სახალხო დამცველის ვაკანტურ პოსტზე. დანარჩენს ვნახავთ, იმიტომ, რომ შეკრების და ამ შეხვედრის დეტალები ჩემთვის უცნობია”
კითხვაზე, რამდენად რეალურია ამ შეხვედრით გადაწყდეს კანდიდატის არჩევა მაშინ, როცა რამდენიმე კვირის წინ უმრავლესობას თავისი კანდიდატი ყავდა და სხვის მოსმენას არ აპირებდა, იმნაძე პასუხობს:
“მე როგორც ვიცი, ოფიციალურად არც ერთი კანდიდატი არ ყავს არც ერთ ფრაქციას დასახელებული, ანუ ის პროცედურები, რაც არის კანონით გაწერილი, ჯერჯერობით არ შესრულებულა, ამიტომ ჩვენ ვართ კანდიდატობის კანდიდატები და ალბათ დღევანდელი შეხვედრის მერე გადაწყდება, ვინ იქნება კანდიდატი”.
ომბუდსმენობის კანდიდატად არასამთავრებო სექტორმა ასევე დაასახელა თამარ გურჩიანი და უჩა ნანუაშვილი. სწორედ ნანუაშვილი ახსენა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, როცა ისაუბრა ომბუდსმენობის კანდიდატების განხილვის ფორმის დარღვევაზე და განაცხადა, რომ უმრავლესობა მოუსმენს ნანუაშვილს და სხვა კანდიდატებსაც. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მოუსმენს ამ ორ კანდიდატს უმრავლესობა.





