პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ბიუჯტში თანხების დაზოგვა პრეზიდენტისა და გაურკვეველი ხარჯების შეკვეცით მოხერხდა:
“ჩვენ, რაც შეგვეძლო, ეკონომია გავაკეთეთ. ბევრს ვერ ვიტრაბახებთ, გარდა იმისა, რომ გაუაზრებელი ხარჯები შევაჩერეთ და ბევრი კონტრაქტი შემოვაბრუნეთ, მაგალითად, კანცელარია, თანხა პატარაა, მაგრამ ციფრებია საინტერესო. მაგალითად, თვეში კანცელარია მოიხმარს 48 ტონა საწვავს, ეს 100 000 ლარზე მეტია, ჩვენ თვეში მოვიხმართ შვიდნახევარ ტონას, ასევე, რეცხვაზე და სხვა ხარჯებზე რაც იხარჯებოდა, 5–ჯერ შემცირდა”.
ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფოს დღეში 140 000 ლარი უჯდება. მისივე თქმით, ასევე აღარ აშენდება მთავრობის სასახლე, რომელიც გრიფით საიდუმლო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ხარჯებზე ეკონომია გასწიეს, ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯები მოხვდა, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს დამატებით 52 მილიონი ლარი გამოეყო.
“თავდაცვის სამინისტროსთვის დაგვჭირდა დაგვემატებინა 52 მილიონი ლარი, თუმცა, იმხელა ეკონომია გავაკეთეთ გაუაზრებელ მშენებლობასა და ხარჯებზე, სერიოზულად გავაძლიერეთ სოციალური სფერო. დაგვამძიმა იმ გაუაზრებელმა ხარჯებმა, რომელთა დაფინანსებაც აუცილებელი იყო, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში შეიძინეს ძველი “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატები ათმაგ ფასში, 42 მილიონი გადაიხადეს, რაც აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას შემდეგი კვლევისთავის. გადარიცხულია ტანკზე 3 მილიონი, მეორე სამ მილიონს ჩვენ აღარ გადავრიცხავთ. მოგვიწია, რომ 52 მილიონი დაგვემატებინა თავდაცვის სამინისტროსათვის, რათა, რაც აუცილებელია, კვება და ჩაცმა და სხვა კონტრაქტით გათვალისწინებულ საკითხებზე საჭიროა, იძულებული გავხდით, სამინისტროსთვის დაგვემატებინა 52 მილიონი, რომელიც შეიძლებოდა სოციალური სფეროსათვის მოგვეხმარა”.
ივანიშვილმა განცხადება ტარიფებთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” პროგრამაში არ ეწერა, რომ ტარიფები განახევრდებოდა. ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ბენზინსა და გაზზე ტარიფის 10%–ით შემცირება მოხერხდება:
“ჩვენ პროგარამში არ გვეწერა ტარიფების განახევრების შესახებ, თუმცა ამაზე ვსაუბრობდით, მათ შორის- მეც, შეიძლება გადაჭარბებულადაც, მე ძალიან აქტიურად ვმონაწილეობ, რთულია პროცესი, როგორც ბენზინზე, ისევე გაზზე. მე ვფიქრობ, მინიმუმ 10%–ით მოვახერხებთ დაწევას. ნახევარიც ალბათ არ მოხერხდება. ფასის დაწევა, უკეთეს შემთხვევაში, ახალი წლიდან ან უფრო გვიან მოხდება, უფრო ადრე ტექნიკურად ვერ მოხერხდება”.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სულ 35 საკითხი განიხილეს.
