ახალი ამბები

ვაშინგტონ პოსტი: საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია

28 ნოემბერი, 2012 •
ვაშინგტონ პოსტი: საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია

სხვადასხვა ევროპული და ამერიკული გამოცემების კრიტიკული სტატიების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში რამდენიმეკვირიან ყოფნას უარყოფითად აფასებს “ვაშინგტონ პოსტი”. “საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია” – ასე ჰქვია გაზეთის სარედაქციო საბჭოს მოსაზრებას, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე დღეს, 28 ნოემბერს გამოქვეყნდა.

 

“ოპოზიციური კოალიციისა გამარჯვება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და მმართველი პარტიის მიერ პოზიციიების სწრაფი დათმობა იყო დემოკრატიის იშვიათი ტრიუმფი პოსტ–საბჭოთა სივრცეში. თუმცა, ამ მოვლენამ გააჩინა მთავარი კითხვა: შეძლებს თუ არა ეს პატარა, შავიზღვისპირა სახელმწიფო გახდეს პოლიტიკური პლურალიზმის მყარი მოდელი, თუ ის გაყვება უკრაინის გზას, სადაც ლიბერალური მთავრობის მარცხმა გამოიწვია მისი ლიდერების დაპატიმრება და ქვეყანა წაიყვანა რუსული სტილის ავტოკრატიის მიმართულებით?

 

სამწუხაროდ, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ რეჟიმს დიდი დრო არ დასჭირდა ამ კითხვაზე წინასწარი პასუხის გასაცემად. ქვეყნის მართვის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ახალმა მთავრობამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი ხელისუფლების 20–ზე მეტი მაღალჩინოსნისადმი, რომელთა შორის არის ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი”, – წერს “ვაშინგტონ პოსტი”.

 

“ვაშინგტონ პოსტი” ასევე წერს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის ვადა უახლოესი 1 წლის მანძილზე არ ეწურება, მთავრობის ფორმირებისას ითანამშრომლა ივანიშვილთან. თუმცა ივანიშვილმა მისგან დაჟინებით მოითხოვა გადადგომა, პარალელურად კი ის აგრძელებს პრეზიდენტის თანამებრძოლების სამართლებრივ დევნას. ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ დაფინანსება შეუმცირა პრეზიდენტის ოფისს და ზეწოლას ახდენს ოპოზიციაზე. ხოლო, მედია, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი იყო, დაააშინეს.

 

“ბატონი ივანიშვილი ქართველებს დაპირდა, რომ გააგრძელებდა პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია ევროკავშირის, ნატოსა და აშშ–ის მაღალჩინოსნების, მათ შორის აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლება გააფრთხილა “კანონის უზენაესობაზე მაღლა პოლიტიკური მოწინაღმდეგეებისადმი ანგარიშსწორების დაყენების” გამო. პირიქით, ივანიშვილის თანამებრძოლები საუბრობენ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე ყოფილი პრემიერის, თბილისის მერისა და სხვათა მიმართ”, – წერია გამოცემის სარედაქციო საბჭოს წერილში.

 

“ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ყოფილ მაღალჩინოსნებს დანაშაული ნამდვილად აქვთ ჩადენილი, თუმცა მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების უმრავლესობა მცირე დანაშაულებებსა და წინასაარჩევნო პერიოდის ხრიკებს ეხება. გაზეთის შეფასებით, თუ ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად საუბრობდა, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია, მაშინ მას თავი უნდა გაენებებინა ამ საქმეებისთვის და ფოკუსირება უნდა მოეხდინა უცხოელ ინვესტორთა ნდობის დაბრუნებაზე, რომელთა რაოდენობა დაეცა არჩევნების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი