საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური, რომლის თანამშრომლებიც მთელი ღამის განმავლობაში დასუფთავების სამსახურში იმყოფებოდნენ, დღეს, 28 ნოემბრის დილის 10 საათიდან დოკუმენტაციის შესწავლას გააგრძელებს.
როგორც თორნიკე შიოლაშვილი – შპს “თბილისერვისჯგფის” გენერალური დირექტორი ამბობს, ფინანსთა სამინისტროს მიერ ამოღებულია ყველა სახის დოკუმენტაცია.
“მიმდინარეობდა ინვენტარიზაციაც საწყობებში. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და წარვადგინოთ ყველა დოკუმენტი.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესული არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში: ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია; ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური; ააიპ – ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი; ააიპ – თბილისის განვითარების ფონდი; შპს „თბილსერვის ჯგუფი.”
გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ქურდობის ფაქტზე დააკავებულია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ლაშა გადიშვილი.
შემთხვევა 25 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, #67-ის ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გადიშვილმა შპს. “თბილსერვისის” კუთვნილი “გაზ- 53” მარკის ავტომანქანა გაქურდა. ცნობილია, რომ ბრალდებული თავადაც შპს. “თბილსერვისის” თანამშრომელი იყო. ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილის დ-ე ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





