საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 28 ნოემბერს კულტურის სამინისტროში გაიმართება მეორე მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „თანაშრომლობა კულტურის სფეროში: სამომავლო გეგმები.“
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის მიზანია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კულტურულ ინსტიტუციებსა და სხვადასხვა ფონდებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, მომავალი თანამშრომლობის გზებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა.
მრგვალ მაგიდას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, ამავე კომიტეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების კულტურის ატაშეები, საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პირველი მრგვალი მაგიდა მოეწყო 21 ნოემბერს საქართველოს ქალაქების ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით.