ახალი ამბები

შეცვლილი გეგმით ახალ სეზონამდე საზმაუს ეთერში ყველა არსებული გადაცემა რჩება – გოგელია

6 მარტი, 2017 • 2627
შეცვლილი გეგმით ახალ სეზონამდე საზმაუს ეთერში ყველა არსებული გადაცემა რჩება – გოგელია
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ერთ-ერთ უკანასკნელ სამუშაო შეხვედრაზე მათ სამეურვეო საბჭოსთან მიაღწიეს შეთახნმებას რეფორმის განხორციელების თაობაზე. მაღლაფერიძე იმედოვნებს, რომ ეს გეგმა სამეურვეო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე დამტკიცდება.
“როცა დამტკიცდება, შემდეგ ვისაუბრებთ [გეგმაზე]. მანამდე ვფიქრობ, რომ ამ გეგმის მიხედვით რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ”, – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ მიერ საზოგადოების წინაშე ბოლოს წარდგენილი გეგმა, რომელიც პირველ არხზე 14 გადაცემის დახურვას ითვალისწინებდა სარეიტინგო მონაცემებიდან გამომდინარე, ძალაში აღარ არის?
“ხვალ დამტკიცდება ის გეგმა, რიმელზეც შეთანხებას მივაღწიეთ. ეს ვრცელი სასაუბრო თემაა და ხვალ ყველას შეგეძლებათ ისაუბროთ. რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადაცემები შემოვა კონკურსით იმ მიმართულებების მიხედვით, რომელსაც კანონი და ბორდის მიერ დამტკიცებული პრიორიტეტები ითვალისწინებს”.
ჟურნალისტებმა მაღლაფერიძეს ჰკითხეს, გადაცემის კონკურსის წესით მიღება ახალი სეზონიდან იგეგმება?
“ცხადია, ეს მოხდება ახალი სეზონისთვის, მაგრამ მუშაობა 10 მარტიდან დაიწყება, კონკურსის პროცედურები… დღეს დაიწყო შენობის მშენებლობის პროცედურები”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
გენერალურ დირექტორთა შედარებით ჟურნალისტებთან საუბარში უფრო კონკრეტული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია, რომელმაც თქვა, რომ ეს გეგმა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის სამაუწყებლო ბადეში არსებული გადაცემები [მინიმუმ] ახალ სეზონამდე დარჩება:
“ჩვენ ვმუშაობდით ამ თემასთან დაკავშირებით. დეკემბერშივე იყო განსაზღვრული გეგმა თუ როგორ უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება.  მენეჯმენტი წარმოადგენს საპროგრამო პოლიტიკას. ზაფხულამდე არ შეიცვლება არაფერი და შემდგომ ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ ვალდებულებებიც შევასრულოთ, იყოს ეფექტური პროგრამები და ისეთი ხარისხის მართვის სისტემები, რომელიც მაუწყებლის კეთილდღეობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა გირგოლ გოგელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი