ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ დაუდასტურა.
“28 ნოემბერს, 6 საათზე უმრავლესობა ომბუდსმენობის კანდიდატებთან შეხვედრას გეგმავს. თითქმის ყველას, ვინც იყო დასახელებული, ახლა დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ ჩამობრძანდნენ,”- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თამარ გურჩიანს, ლია მუხაშავრიას, გელა ნიკოლაიშვილს, ნათია იმნაძეს, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და უჩა ნანუაშვილს.
“პირადად ვესაუბრე თამარ გურჩიანს. უჩა, ვიცი, რომ ვერ ახერხებს მოსვლას.”
სახალხო დამცველობის კანდიდატებს უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მოუსმენენ, სადაც ისინი საკუთარ კონცეფციებს წარმოადგენენ და შემდეგ კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდება შეხვედრა.
კითხვაზე, თუ რატომ იქნება აღნიშნული სხდომა დახურული, კობახიძის განმარტებით, “უმრავლესობის სხდომები, როგორც წესი, დახურულია.”
“გარდა ამისა, როგორც მე ვიცი, ნინა ხატისკაცსაც დახურულ სხდომაზე მოუსმინა უმრავლესობამ და განსხვავებულად წარმართვა ამ შეხვედრის არ გვინდა. თუმცა შეთანხმების საგანია და შესაძლოა გავხსნათ კიდეც, არ ვიცი.”
როგორც მანანა კობახიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატს მოუსმენენ, უმრავლესობა ერთ კანდიდატზე შეჯერდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომაზე საკუთარი კონცეფციის გასაცნობად არ მივა გელა ნიკოლაიშვილი.
“არ ვაპირებ პარლამენტში ჩასვლას. მე ადრეც განვაცხადე და ახლაც იგივეს ვამბობ, თუ ეს იქნებოდა რომელიმე საპარლამენტო ფრაქციის მიერ ჩემი წარდგენა და პლენარულ სხდომაზე ჩემი მოსმენა, არაფერი საწინააღმდეგო არ მექნებოდა. მაგრამ როგორც მითხრეს, უმრავლესობა მიბარებს იმიტომ, რომ გამიცნოს და შემდეგ იმსჯელოს, წარმადგინოს თუ არა. ვფიქრობ, წლების მანძილზე ჩემი საქმიანობით პარლამენტის 100% თუ არა, 80% პირადად მიცნობს და 20% ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. შესაბამისად, საკმარისად მიცნობენ და ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია, რომ კიდევ გასაცნობად ჩავიდე,”- აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი ნეტგაზთთან საუბარში.
ჯერჯერჯობით პარლამენტში ჩასვლა გადაწყვეტილი არ აქვს სახალხო დამცველობის კანდიდატს, თამარ გურჩიანს.
რაც შეეხება სხვა მიწვეულ კანდიდატებს, ამ ეტაპზე ნეტგაზეთი მათ ვერ დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა ნინა ხატისკაცს შეხვდა და მისგან სამოქმედო გეგმა და ხედვები მოისმინა.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანის კანდიდატურის განხილვის თხოვნით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართა. მესამე სექტორის ნაწილმა ლია მუხაშავარიას კანდიდატურის განხილვა მოითხოვა, ნაწილმა – უჩა ნანუაშვილის, ასევე – ნათია იმნაძის, გელა ნიკოლაიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის.
საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ისინი განიხილავდნენ ერთადერთ კანდიდატურას და ეს გახლდათ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ყოფილი თანამშრომელი ნინა ხატისკაცი.
თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა პირობა მისცა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რომ პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენდნენ სხვა კანდიდატებსაც, რის შემდეგ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უმრავლესობის წევრებმაც შეცვალეს.








