ახალი ამბები

რა გეგმა წარადგინა მთავრობამ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგში

27 ნოემბერი, 2012 •
რა გეგმა წარადგინა მთავრობამ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგში

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გეგმაში საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დეკემბრის თვიდან განხორციელდება. მისი თქმით, ცვლილებები უნდა შევიდეს პატიმრობის შესახებ კოდექსში, საიდანაც გირგვლიანის საქმის გამო გარკვეული ნორმების ამოღება მოხდა:

 

“ჩვენ დაგვჭირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა ამ კუთხით, რადგან დაზარალებული წინა ხელისუფლებამ აქცია მოწმედ. ახალ კოდექსში წერია, რომ დაზარალებული დაზარალებული კი არ არის, ის არის მოწმე. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპულ კონვენციასთან და ჩვენ ამის შეცვლის პირობა ამ გეგმაში დავდეთ. პატიმრობის კოდექსში შევიტანთ ნორმას, რომლითაც კვლავ ავკრძალავთ ერთ საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში ყოფნას და პოზიციების ამ გზით ერთმანეთთან შეთანხმებას. გარდა ამისა, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გირგვლიანის განაჩენიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიღებთ მთელ რიგ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიების მიუკერძოებლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წულუკიანის თქმით, გეგმაში ასევე შესულია მიმართვა, რომელიც მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს გაუგზავნა:

“გეგმაში არის აღწერილი საგამოძიებო მოქმედებების პირველი ტალღა. გეგმაში ასევე არის მოცემული ის ფაქტი, რომ მე ბატონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს, მივმართე ოფიციალური წერილით ნოემბრის თვეში და ვთხოვე წარმოედგინა იუსტიციის სამინისტროსთვის ის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ის მიზნად ისახავს, რომ აღმოფხვრას სტრასბურგის სასამართლოს მიერ სასამართლოების დონეზე ჩადენილი დანაშაულები და დარღვევები, თუკი ის ამ დარღვევებს მიიჩნევს, რომ დარღვევებია, რა თქმა უნდა, ან შესაძლო დანაშაული. მან დღემდე რაიმე ტიპის სერიოზული პასუხი ვერ გაგვცა, ერთადერთი, რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ თურმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აპირებს მოსამართლეების ტრენინგს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს პასუხი არც ჩვენ გვაკმაყოფილებს და არც მინისტრთა კომიტეტს არ დააკმაყოფილებს, იმიტომ, რომ მოსამართლის ტრენინგით არ სწორდება ის დიდი დარღვევა, რასაც მოჰყვა მართლმსაჯულების გამრუდება გირგვლიანის საქმეზე”, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი გამოძიება გირგვლიანის საქმეზე, მინისტრთა კომიტეტთან ყველაზე გვიან 31 იანვარს გაკეთდება. ხელახალი გამოძიების შედეგად დამნაშავეების მიკვლევის შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით მათი ადეკვატური პასუხისგება მოხდება:

“თქვენ გახსოვთ ქალბატონი თინა ბურჯალიანის განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ ხომ გადავუხადეთ და ფული მივეცით გურამ გირგვლიანს, ამით ყველაფერი დამთავრდა. ამით სწორედაც რომ არაფერი არ დამთავრდა. ჩვენ გვევალება თავიდან გამოვიძიოთ ეს საქმე, რომ დავადგინოთ, ვინ იყო იმ ოთხი ადამიანის გარდა სხვა, სასაფლაოზე ასული, იყო თუ არა კავშირი ორ ჯგუფს შორის, რომელიც იმყოფებოდა კაფეს შიგნით და კაფეს გარეთ და დამნაშავეების მიკვლევის შემდეგ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს მათი ადეკვატური პასუხისგება სისხლის სამართლის წესით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

წულუკიანის თქმით, გეგმა ფრანგულ ენაზეა დაწერილი, მიმდინარეობს მისი ქართულ ენაზე თარგმნა, რის შემდეგაც  ჯერ გირგვლიანის ოჯახს, შემდეგ კი ფართო საზოგადოებას მიეწოდება.

 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წელს იქნა წამებით მოკლული. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ: მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე.

 

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელმა შსს-მ ამავე უწყების ოთხი თანამშრომელი – გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯა. 2009 წლის მარტში კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

 

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 2011 წლის 21 აპრილს გამოიტანა. გადაწყვეტილებაში საქმეზე – “ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” ნათქვამია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება, ასევე საუბარია სხვადასხვა უწყებების მხრიდან საქმის არაჯეროვნად გამოძიებაზე.

 

მსგავს საქმეებზე საქმის ხელახალი გამოძიების ვალდებულებას სახელწმიფოს უწესებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი