ახალი ამბები

‘ოცნება’ პარტიის აქტივისტების დავალიანებას ბიუჯეტიდან მიღებული თანხით გაისტუმრებს

27 ნოემბერი, 2012 •
‘ოცნება’ პარტიის აქტივისტების დავალიანებას ბიუჯეტიდან მიღებული თანხით გაისტუმრებს

ინფორმაცია, რომ პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორებს გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურება ჯერ კიდევ არ აუღიათ, ბოლო ერთი კვირის მანძიზე ინტენსიურად ვრცელდება. სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ანა კუხალეიშვილი წერს, რომ “ქართული ოცნების” ოფისმა ზაფხულში დიღმის მასივში დაქირავებულ აგიტატორებს “კარდაკარისთვის” გასამრჯელო – 100 ლარი ჯერ კიდევ არ გადაუხადა:


“დღეს 24 ნოემბერია და ჯერ კიდევ არ მიუღია ამ ხალხს კუთვნილი ანაზღაურება. ეს ადამიანები რეკავდნენ ყოველ დღე ინფორმაციის მისაღებად მაგრამ ამაოდ. დღეს კი ერთ-ერთმა ქალბატონმა მათ ამცნო, რომ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში მიიღებდნენ ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, იქედანაც ხელცარიელი გამოუშვეს, გარდა იმ კითხვისა, თუ სად წავიდა ეს ფული დაიბადა მეორე კითხვაც, რა კავშირშია “ქართული ოცნების” ოფისი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიასთან? არ გეგონოთ ვხუმრობდე ამას უამრავი გაჭირვებული ადამიანის სახელით გწერთ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ აღნიშნული თანხა შეჭამეს დიღმის მასივის ოფისის ხელმძღვანელებმა”.


ანალოგიური პრობლემა არსებობს სამცხე-ჯავახეთშიც. ამაზე სტატიას ადგილობრივი გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე” აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის აქტივისტები, დამკვირვებლები და კარდაკარზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ამ დრომდე ელიან:


”კარდაკარზე ვიარე, მერე რაღაც პრობლემები შემექმნა, ამიტომ ვითხოვე, რომ ერთი კვირა დავიციდიდი და შემოვლას ისევ გავაგრძელებდი. რომ მივედი, ჩემი ანკეტები უკვე შევსებული დამახვედრეს. ძირითადი ნაწილი გაკეთებული მქონდა, მაგრამ შევსებული ანკეტების ხელფასი არ მომცეს,” – ამბობს რესპონდენტი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებს და ამატებს, რომ არჩევნების დღეს ოპერატორადაც მუშაობდა და ანაზღაურება არც ამაში მისცეს – შტაბის უფროსს არაერთხელ მივაკითხე, ყოველთვის მეუბნება, კვირის ბოლოს იქნებაო. ორი თვე გავიდა და ჯერ კიდევ ვერ გვეუბნებიან, ხელფასს როდის მივიღებთ”.

ხელფასები არ აუღიათ ქალაქ ბათუმში “ქართული ოცნების” კოორდინატორებსაც, სადაც 41 600 ადამიანი ელის დაპირებულ ანაზღაურებას [თითოეული 100 ლარს].


“ქართული ოცნების” წარმომადგენელი,  პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ პარტიის ანგარიშებისთვის დადებული ყადაღის გამო ხელფასების დარიგება ვერ მოხერხდა. დღეის მდგომარეობით, ანგარიშებზე ყადაღა მოხსნილია, თუმცა თანხის დარიგება მისი არარსებობის გამო ვერ ხერხდება:


“ჩვენ კოორდინატორებთან გვქონდა შეთანხმება, რომ როგორც კი აეხსნებოდა ანგარიშებს ინკასო, კარდაკარის თანხაა გაიცემოდა, პირადად ჩემი კოორდინატორები ამ ამბავს გაგებით შეხვდნენ, ევროკავშირიდან გადმორიცხული ჩემი გრანტი გადავრიცხე პარტიის ანგარიშზე, რომლის მეშვეობითაც ხელფასების ნაწილის გადახდა მოხერხდა. თუ შემოწირულობა იქნება, ხელფასებს გავცემთ”.


იმ ადამიანებს, რომლებსაც ანაზღაურება პარტიის შემოწირულობიდან ვერ შეხვდებათ, კუთვნილ თანხას იანვარში მიიღებენ, როცა “ქართულ ოცნებას”, როგორც გამარჯვებულ პარტიას,  სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა:


“ჩვენ თანხას კანონის დარღვევით ვერ გავცემდით, გარდა ამისა, ჩვენს ანგარიშს არჩევნებამდე ედო ყადაღა, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ თანხებს ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და გადავიხდით დავალიანებას,”– განაცხადა ჩაფიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი