ახალი ამბები

დაკავებების პოლიტიკურ მოტივზე ომბუდსმენის ოფისში ვერ საუბრობენ

27 ნოემბერი, 2012 •
დაკავებების პოლიტიკურ მოტივზე ომბუდსმენის ოფისში ვერ საუბრობენ

ომბუდსმენის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოფიო ბენაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მსგავსი შეფასება სახალხო დამცველის ოფისმა გააკეთოს, ომბუდსმენმა ჯერ უნდა შეისწავლოს საქმე. საქმის შესწავლა კი მას შემდეგ მოხდება, რაც დარღვევების შესახებ მას განსასჯელთა ადვოკატები მიმართავენ და შესაძლო დარღვევებზე მიაწვდიან ინფორმაციას. 

 

“უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველის ოფისი ვერ მოიკვლევს იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების პროცესში, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენ არა გვაქვს ჩარევის უფლებამოსილება, აქ აუცილებელია ადვოკატებთან კოორდინირებული მუშაობა, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი მათ ექნებათ. როდესაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეებზე ხელმისაწვდომობა საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სახალხო დამცველს არა აქვს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სოფიო ბენაშვილმა. მისივე თქვით, ომბუდსმენის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ განახორციელონ მონიტორინგი, თუ რა პირობებში მოხდა განსასჯელთა დაკავება, ასევე, რა პირობებში იმყოფებიან საპატიმროებში და მათ არასათანადოდ ხომ არ ეპყრობიან.

 

სოფიო ბენაშვილის თქმით, ჯერჯერობით, ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებს ომბუდსმენის ოფისისთვის არ მიუმართავთ.

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ახალაიასადმი წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და მას პოლიტიკური სარჩული აქვს. თუმცა ადვოკატი “ნეტგაზეთს” უდასტურებს, რომ მას ომბუდსმენისთვის საქმეში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

 

“აქამდე იმიტომ არ მივმართეთ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ძირითადად, ყოველთვის ჰქონდა ფორმალური ხასიათი ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი სახალხო დამცველის მუშაობის პერიოდში. აწი თუ მოვიფიქრეთ რამე, მივმართავთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დავით დეკანოიძემ. თუმცა განმარტა, რომ ეს პირადად თავისი პოზიციაა და ამ საკითხთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთან არ უსაუბრია. შეგახსენებთ, რომ წლების წინ ბაჩო ახალაია სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე იყო. ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წაყენებული (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება). ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

ომბუდსმენისთვის არ მიუმართავს, თუმცა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს წაყენებულ ბრალდებას შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი და ბაჩო ახალაიას მეგობარი თენგიზ გუნავა. ის 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის გადახდა დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

 

თენგიზ გუნავა ამტკიცებს, რომ მას დაკავებისას იარაღი ჩაუდეს, ხოლო ნარკოტიკგარეული წყალი დაკითხვისას იძულებით დაალევინეს. შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თქმით, ის ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის და ამის დადასტურებას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ორი სახის ექსპერტიზით გეგმავს, რომლის პასუხიც 2–3 კვირაში გახდება ცნობილი.

 

კითხვაზე, საქმის შესწავლის მოთხოვნით რატომ არ მიმართა გუნავამ ომბუდსმენის ოფისს, გუნავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი პასუხობს:

 

“სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო თენგიზ გუნავას დაკავების შესახებ, ისინი მას შეხვდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორშიც და გამოკითხეს დარღვევების შესახებ. თუ ოფიციალურად საჭიროა განცხადებით მიმართვა, მივმართავთ. რაც შეეხება გუნავას დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება. სავარაუდოდ, ჯერ დაველოდებით. თუ პროკურატურა ამ ხალხს დასჯის, სახალხო დამცველისთვის მიმართვა არ დაგვჭირდება. თუ ამ გამოძიებას შედეგი არ მოჰყვა, მერე მივმართავთ ომბუდსმენს”.

 

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მათთვის არც სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილსა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის ადვოკატებს არ მიუმართავთ.  ისინი თავს ამ დრომდე უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი