ახალი ამბები

გოგა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიება განახლდა

27 ნოემბერი, 2012 •
გოგა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიება განახლდა

გოგა ჟვანიას თქმით, მან საკუთარი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული მასალები პროკურატურას გადასცა და ასევე გაეცნო პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. გარდაცვლილი პრემიერის ძმა ჯერჯერობით გამოძიების დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

 

გოგა ჟვანიას მოსაზრებით, აღნიშნული საქმე დაკავშირებულია კონკრეტულ გვარებთან. მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ და ცდილობდნენ ამ საქმის მიჩქმალვას.

 

“მე გავაცანი ჩემი მოსაზრებები და არგუმენტები პროკურატურას და აწი მათი საქმეა, რგოორ გამოიძიებენ”, – განუცხადა გარდაცვლილი პრემიერის ძმამ “ნეტგაზეთს”.

 

მისივე ინფორმაციით, ჟვანიას გარაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი დეტალები გააჩნია, თუმცა, როდის გახდება ეს ცნობილი საზოგადოებისთვის, ამა პროკურატურა გადაწყვეტს.

 

გოგა ჟვანიას თქმით, ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით FBI-ის მიერ დადბული ექსპერტიზის დასკვნა საკმაოდ წინააღმდეგობრივია, კონკრეტულად კი ტექნიკური ექსპერტიზის მონაკვეთი და მთლიანი ექსპერტიზის დასკვნა.

 

“მათ ჩაატარეს ტექნიკური ექსპერტიზაც, რაც მოწმობს, რომ არანაირ უბედური შემთხვევა არ შეიძლებოდა მომხდარიყო,  რადგან ეს გაზის გამათბობელი გამართულად მუშაობდა. ასევე არის ამ დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი, რომელიც აღნიშნულს მთლიანად ეწინააღმდეგება”, – ამბობს გოგა ჟვანია, რომელიც ამჟამად საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი და ქვე­მო ქარ­თლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის, რა­ულ იუ­სუ­პო­ვის გვამები თბილისში, ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ისინი გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირით დაიღუპნენ. ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მისმა ოჯახმა ბოლო წლებში ეჭვქვეშ დააყენა

.

ფოტო: civil.ge
ფოტო: civil.ge

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი