ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივამ ‘დარიალი ჰესთან’ დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

26 ნოემბერი, 2012 • 1444
მწვანე ალტერნატივამ ‘დარიალი ჰესთან’ დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

ასოციაცია ‘მწვანე ალტერნატივას’ მტკიცებით, სახეზეა კანონის მოთხოვნების დარღვევები, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან:

 

“კომპანია „დარიალი ენერჯი“ ჰესის მშენებლობას რამოდენიმე თვის განმავლობაში ნებართვის გარეშე ახორციელებდა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრომ და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არ მიიღეს ზომები ამ კანონდარღვევის აღსაკვეთად. 

გარემოს დაცვის სამინისტრომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა და დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა “დარიალი ჰესის”  მშენებლობის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა სამშენებლო საქმიანობის წარმართვას ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცებული უკანონობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ცვლილება შეიტანა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში და ჰესის მშენებლობის საბაბით ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია ამორიცხა”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს პარლამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ „დარიალი ჰესის“ მშენებლობა/განთავსებასთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებების შესწავლას და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას სთხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი