ახალი ამბები

უგულავა პროკურატურას გამოძიების პოლიტიკური ნიშნით დაწყებაში ადანაშაულებს

26 ნოემბერი, 2012 • • 953
უგულავა პროკურატურას გამოძიების პოლიტიკური ნიშნით დაწყებაში ადანაშაულებს

“თქვენი უწყების ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ მიქაბერიძის 2012 წლის 21 ნოემბრის წერილობითი მომართვით ირკვევა, რომ წარმოებაში გაქვთ სისხლის სამართლის საქმე და ითხოვთ მერის მივლინებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწოდებას. მერის, როგორც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირის ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ეჭვს ბადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებით გავრცელებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, თქვენს მიმართვაში მითითებულიც კი არ არის, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება. საკითხისადმი პროკურატურის ასეთი ზერელე და არაკომპეტენტური დამოკიდებულების მიუხედავად, რაც მხოლოდ ამ გამოძიების პოლიტიკურ შინაარსზე მეტყველებს, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქმის გამოძიებას და სიმართლის გარკვევას”, – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.

 

გიგი უგულავას მიერ არჩილ კბილაშვილისადმი მიწერილ წერილში ასევე წერია: “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს ვალდებულება მერის მხრიდან მის ოფიციალური ვიზიტების მიზნების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის განმარტების თაობაზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის გვინდა იცოდეთ, რომ 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ნევადას შტატში, ქალაქ ლას ვეგასში ვიზიტების დროს შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის შტატის სხვადასხვა თანამდებობის პირებთან. შეხვედრების  მიზანი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის, ადგილობრივი საგადასახადო მიდგომების, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. ვიზიტების განმავლობაში შედგა შეხვედრა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული კორპორაციების პრეზიდენტებთანაც.

 

ერთ-ერთი ვიზიტის დროს ასევე დავესწარით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნარჩენების გადამტანი და გადამამუშავებელი ტექნიკის გამოფენას ,,Waste Expo”. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი გამოძიების საგანს, მხოლოდ სატელევიზიო გადაცემით გავრცელებული ჭორების საფუძველზე, წარმოადგენს საკითხის გარკვევა, თბილისის ბიუჯეტიდან ხომ არ ფინანსდებოდა კერძო პირების ვიზიტები. განგიმარტავთ, რომ ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულების დაცვით ქ. თბილისის ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი იყო მხოლოდ ქ. თბილისის მერისა და თანაშემწის მივლინებასთან დაკავშირებით, რის დასადასტურებლად გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას. რაც შეეხება ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ ფინანსურ დოკუმენტაციას, გვინდა განგიმარტოთ, რომ ააიპ ,,ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ შედის მერიის სისტემაში და მის მიერ წარმოებული დოკუმენტაცია ქ. თბილისის მერიაში არ ინახება, რაც თქვენთვის წესით ცნობილი უნდა იყოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი