“თუ პარლამენტში შესაბამისი კანონპრექტი შევიდა, ჩვენ მას მხარს დაუჭერთ,” – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ 9 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე მთავრობას გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და მისი პარლამენტში წარდგენა მოსთხოვა.
დავით კირვალიძის განცხადებით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს საქართველოში:
“ვინაიდან ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნება როგორც მეცხოველეობაში, ისე მემცენარეობაში. გენმოდიფიცირებული პროდუქცია შექმნილია იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ძირითადად არ აქვს წარმოების პოტენციალი და რთული კლიმატური პირობები უქმნის პრობლემას.”
კირვალიძის თქმით, საკვების მარკირება ევროკომისიის მოთხოვნაა:
“თუ ვინმეს სურს, რომ ბაზარზე ამ ტიპის პროდუქცია შემოიტანოს, უნდა ჰქონდეს მარკირება. მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ პროდუქტს იყიდის. ეს არ შეეხება სათესლე მასალას. ჩემი პოზიციიდან გამოვთქვამ აზრს, რომ ჩვენ არ გვჭირდება გენმოდიფიცირებული ამ ტიპის მასალის გამოყენება საქართველოში.”
კირვალიძის განცხადებით, საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვები ოფიციალურად არ შემოდის.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიოპროდუქციის წარმოებას წაახალისებს: “ბიოპროდუქციის წარმოებას სჭირდება პროცესის სერთიფიცირება. 7–10 პროცენტი უკავია ამ წარმოების განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის შეძლებული ფენის მოხმარების პროდუქტი. იმიტომ, რომ ძვირია, მაგრამ დამატებითი შემოსავალია იმ ფერმერისთვის, ვინც ჩართულია ამ წარმოებაში,” – აცხადებს დავით კირვალიძე.
მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ბიოპროდუქტების წარმოებისა: “მთავარია, ფერმერის სურვილი. მიმართულების შერჩევაც კი ძალიან ფართოა, ეს შეიძლება იყოს დაწყებული თაფლის წარმოებით და ღვინის წარმოებით დასრულებული. საქართველოში არსებული ბუნებრივი გარემო ბიოპროდუქტების წარმოებისათვის უნიკალურია”.