“მე არასოდეს არ გთვლიდი შენ ჩემს მთავარ მტრად და ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდა და ეს შენი ბრალი რომ არ იყო, მაგრამ, ბუნებრივია, ძალიან ცუდი რეაქცია ყოველთვის მქონდა შენზე და კარგია, რომ შენ ახლა ყველაფერს ყვები”, – ასე დახვდა შალვა რამიშვილი კობა ბექაურს.
ბექაურმა შალვა რამიშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მას სურდა მოეხსნა ეს ტვირთი და ეთქვა ყველაფერი იმიტომ, რომ ყველაფერი მთლად ისე არ იყო, როგორც სასამართლოზე ხდებოდა.
კობა ბექაურის თქმით, როდესაც მან გაიგო შალვა რამიშვილის ტელევიზია “202” მის ტერმინალზე აკეთებდა გადაცემას, მან რამიშვლთან მეგობრული გასაუბრებით სცადა ამ გადაცემის შეჩერება. ყოფილი დეპუტატის მტკიცებით, აღნიშნული სატელეფონო საუბარი მოისმინეს სამართალდამცავმა უწყებებმა და ის თავისთან დაიბარეს.
“დათა ახალაიას კაბინეტში დამხვდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, თავად დათა ახალაია. მაშინ, როდესაც იყო საუბარი, რომ ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის მერე შენ დაგაკავებდნენ, ერთი პერიოდი წინააღმდეგობა გავუწიე, ვუთხარი, რომ იქნებ ჩემგან არ გამოვიდეს ეს და ფული არ მივცე, რაზეც ადეიშვილმა მითხრა, ან დაგიჭერ და გაგანადგურებ, ან ფული უნდა მისცეო. შალვა, მაშინ ისე იჭერდნენ ტიპებს, ქრებოდნენ და ანადგურებდნენ, რომ… პირადად მითხრა ადეიშვილმა”, – განაცხადა კობა ბექაურმა.
“რაც შეეხება ფულს, ის 30 ათასი მე არ მქონია. პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და მესხელმა მოიტანა ის ფული. გადაღებული მასალა წავიღე კუდ–ის შენობაში, სადაც დღევანდელი მერი, გიგი უგულავა დამხვდა და იმან წაიღო ის კადრები”, – იხსენებს კობა ბექაური და დასძენს, რომ მაშინ შალვა რამიშვილისა და მისი ტელევიზიის გაჩერება ყველაზე მეტად სააკაშვილს უნდოდა.
ტელეკომპანია “202”–ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე სამართალდამცავებმა 2005 წელს დეპუტატ კობა ბექაურისთვის 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. დაკავებულებს ბრალი კობა ბექაურის მიერ გადაღებული ფარული ვიდეომასალის საფუძველზე წაეყენათ.