“იმდენად ბუნდოვანია ბრალდება, რომ ამ საკითხზე საუბარიც არ მსურს, ჩემს თავზე საუბარი ასე მწირი ინფორმაციით არ მინდა, პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება არ არგებს ახალ ხელისუფლებას და არც საქართველოს იმიჯს, რაც არ უნდა დიდი იყოს სოციალური დაკვეთა. ჩვენს დროსაც იყო სოციალური დაკვეთა, ჩვენ 9 წლის მანძილზე, არც ერთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ არ განგვიხორციელებია სამართლებრივი დევნა. მე მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი,” – განაცხადა მერაბიშვილმა.
ყოფილი პრემიერ–მინისტრის თქმით, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დაკავებასაც პოლიტიკური ელფერი აქვს:
“ყველა შემთხვევაში დაზარალებული არის ან “ქართული ოცნება”, ან “ქართუ”, ან ბიძინა ივანიშვილი, და ეს უკვე ამ საქმეს პოლიტიკურ ელფერს აძლევს, პოლიტიკური ანგარიშსწორების. ასეთი მიდგომა გააჩენს ეჭვს სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობის ობიექტურობაში”.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში გადაგზავნილია საქმე, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, 2006 წლის 13 მარტს მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც თანამდებობრივი უფლებამოსილება შუუჩერდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დათა ახალაის და გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გარემოებებიდან გამომდინარე. შსს-ს ცნობით, ვასილ სანოძე და დათა ახალაია, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული ჰქონდათ თანამდებობრივი უფლებამოსილება, აგრძელებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელობას:
“მათ ხელი მიუწვებოდათ საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან, ისინი გეგმავდნენ ოპერატიულ სამძებრო და სხვა სახის ღონისძიებებს. ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ დაშვებული და წახალისებული იყო 2 უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა.
ვინაიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემოწმების მასალები დღესვე გადაიგზავნება მთავარ პროკურატურაში”,- განაცხადეს გუშინ შსს-ში.