ახალი ამბები

‘ქართული ოცნება’ უარყოფს ჟურნალისტზე თავდამსხმელის პარტიასთან კავშირს

25 ნოემბერი, 2012 •
‘ქართული ოცნება’ უარყოფს ჟურნალისტზე თავდამსხმელის პარტიასთან კავშირს

ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ ლაშა ღლონტს, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2–ის კორესპონდენტს და  გაზეთ “გურიის მოამბის” გამომცემელს ვლადიმერ მენაბდეს თავს დაესხა, პარტია”ქართულ ოცნებასთან” არავითარი კავშირი არ აქვს.

 

“ჩვენ ტელევიზიით გავიგეთ აღნიშნულის შესახებ, ლაშა ღლონტი არ არის “ქართული ოცნების” აქტივისტი, მე  გახლავართ შტაბის ხელმძღვანელი და “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ლაშა ღლონტი არც შტაბში ყოფილა და არც არანაირი შეხება არ გვაქვს, ეს ადამიანი იყო “ნაციონალურ მოძრაობაში” და შემდეგ დატოვა ნაციონალური მოძრაობა, “ქართულ ოცნებასთან” ან რომელიმე ლიდერთან შეხება არ ჰქონია, არც შტაბშია ნამყოფი და არც არჩევნების  შემდგომ მქონია შეხვედრა, გამარჯობით ვიცნობ, როგორც ვიცი, ქუთაისის აეროპორტში მუშაობს მშენებლობაზე”,-აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში კონსტანტინე შარაშენიძე.

 

ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდის თქმით, გუშინ, საღამოს 10 საათისთვის, საბანკეტო დარბაზ “ელეგანტთან”, დაახლოებით 5 ადამიანი  თავს დაესხ. მენაბდის განცხადებით, პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და  მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენენ. 

 

“მე ვიცანი ის ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებდა, ძალიან დავიბენი, არ მოველოდი ამ ადამიანისგან ასეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ავტოსადგომზე მყოფმა ადამიანებმა ისინი გაიყვანეს, თუმცა მაინც არ ჩერდებოდნენ, დავრეკე 122–ში, თუმცა 122–მა არ მიპასუხა და ამიტომ ოზურგეთის პოლიციაში წავედი თანამშრომლებთან ერთად, რამდენიმე წუთში მოიყვანეს ერთ–ერთი, ლაშა ღლონტი, რომელიც ნასვამი იყო,”–აცხადებს მენაბდე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

მენაბდე ამბობს, რომ , ღლონტი ოზურგეთის გამგეობის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც  არჩევნებამდე ერთი თვით ადრე “ქართულ ოცნებას” შეუერთდა, რუსთავი 2–ის გურიის კორესპონდენტი და გაზეთ “გურიის მოამბის” გამომცემელი აღნიშნავს, რომ ღლონტის და დანარჩენი პირების გაღიზიანება სავარაუდოდ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, თუმცა მისთვის უცნობია, რომელ სტატიაზეა საუბარი, მენაბდე ასევე არ გამორიცხავს, გაღიზიანების მიზეზი რუსთავი 2–ის ეთერით გასული სიუჟეტი გამხდარიყო.

 

ღლონტის “ქართულ ოცნებასთან” კავშირს უარყოფს ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე.

 

პოლიციაში მისვლის შემდეგ მენაბდე გამომძიებელმა ვალერიან დოლიძემ დაკითხა, მენაბდის თქმით, სწორედ მისი დაკითხვის პროცესში მიიყვანეს პოლიციაში ლაშა ღლონტი, რომელიც ნასვამი იყო და გამოძიებამ სწორედ ამ მიზეზით არ დაკითხა, სახლში კი ხელწერილის დადების შემდეგ გაუშვა. 

 

“ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ამ ადამიანმა მუქარა ჩემზე ფიზიკური ლიკვიდაციის, შეურაცხყოფა უფრო მეტად პოლიციაში გააგრძელა ათეულობით პოლიციელის თანდასწრებით, როცა მე ვიყავი დაკითხვაზე, მაშინ მოიყვანეს ისიც, ამბობდა, “არ გრცხვენიათ ხალხო, ვისთან მომიყვანეთ, ამას ერთი თვეა მოსაკლავად ვეძებდიო”. მე რაც გამიკვირდა, იყო ის, რომ ამშვიდებდნენ, მე რომ იმის მეასედი მექნა, რაც ღლონტმა პოლიციაში გააკეთა.. პოლიციელებმა არ აღკვეთეს ღლონტის ქმედებები და  ის მიზანმიმართულად განაგრძობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას”.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გამომძიებელ ვალერიან დოლიძეს, თუმცა მან შეკითხვებს არ უპასუხა, განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებდა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.  ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს პროკურატურის პრესამსახურს და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი