ახალი ამბები

სტურუამ რუსთაველის თეატრში დასაბრუნებლად პირობები წამოაყენა

23 ნოემბერი, 2012 • • 1142
სტურუამ  რუსთაველის თეატრში დასაბრუნებლად პირობები წამოაყენა

მისი თქმით, რუსთაველის თეატრში დაბრუნება სპონტანურად გადაწყვიტა: “საერთოდ, მე როცა რაღაცას ვწყვეტ,  წინასწარ არასოდეს ვფიქრობ, ხშირად მითქვამს, რომ პიესებს ვირჩევ ასე: დავწერ პატარა ქაღალდებზე პიესის სათაურებს, თუ ბევრი მაქვს ასარჩევი და ვერაფრით ვერ ავირჩიე ერთი და როგორც ლატარიაში, ქუდიდან ვიღებ”.

 

სტურუა რუსთაველის თეატრში დაბრუნების გადაწყვეტილებას მის ემოციურ ფონს უკავშირებს: “უნდა გითხრათ, არ გეწყინოთ და ბოდიშს გიხდით ყველას, საღამოს დავბრუნდი სახლში, ოდნავ შეზარხოშებული. მივუჯექი კომპიუტერს. ეს გადაწყვეტილება იყო სუფთა ემოციური ყაიდის.  როცა იტყვი რაღაცას, უკანდახევა ცოტა რთულია. გითხრათ, რომ მზად ვარ დაბრუნებისთვის მთლიანად, ვერა, მაგრამ, მგონი, მაქვს საშუალება და დრო, რომ  ის აზრები, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე დამიგროვდა, საკმარისია იმისთვის, რომ მოვიდე თეატრში.”

 

სტურუა თეატრში დაბრუნების შემთხვევაში გარკვეულ პირობებს სვამს:

 

“არის რამდენიმე ვარიანტი, იყოს ასე, უნდა მქონდეს უფრო მეტი უფლებები,  ვიდრე სამხატვრო ხელმძღვაენლს აქვს. მმართველი უცნაური ფიგურაა თეატრში. ცენზორს ჰგავს. ყოფილმა მთავრობამ  ამიტომ დააწესა კაცი, რომელიც მიხედავდა სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ძალიან არ გაეფრინა.  ახლა მზადდება ახალი კანონი თეატრის, ვიდრე ეს კანონი ამოქმედდება შევითავსებ ამ ორ თანამდებობას.”

 

სტურუას თქმით, თეატრში არის ხალხი, რომელთაც მისი დაბრუნება არ სურთ: “გამოვნახავ საერთო ენას, ისინი ჩემი მეგობრები არიან.”

 
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მაშინ განაცხადა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობური განცხადებების გამო დაითხოვა.

 
 
ცნობილმა რეჟისორმა მაშინ  ინტერვიუ მისცა „საქინფორმს“, რომელშიც გააკრიტიკა მაშინდელი ხელისუფლება და თქვა:

 

სტურუა: „ ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.


ჟურნალისტი: ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია,არ უნდა ჰქონდეთ?

 

სტურუა:  სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“

 

სწორედ ამ ბოლო გამონათქვამის გამო საზოგადოების ნაწილმა სტურუა მკაცრად გააკრიტიკა და ქსენოფობიასა და არმენოფობიაში დაადანაშაულა.

 

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი 1980 წლიდან ეკავა. რუსთაველის თეატრის დატოვების შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა, პირველი განაცხადი რუსთაველის თეატრში მან დაბრუნების  შესახებ ფეისბუკში 19 ნოემბერს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი