ახალი ამბები

ჩუგოშვილი: მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს

28 თებერვალი, 2017 • 3058
ჩუგოშვილი: მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საუბრობს პრეზდენტისთვის არა ფუნქციების დაკლებაზე, არამედ უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა 28 თებერვალს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

საქმე ეხება სამუშაო ჯგუფში დაყენებულ წინადადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ჩამოერთვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების უფლება.

“მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით რაც არის საჭირო და მნიშვნელოვანი, არის ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებები გაიმიჯნოს – არა შესუსტდეს, არამედ გაიმიჯნოს. ანუ ცხადი იყოს, რა არის მთავრობის კომპეტენცია და რა – პრეზიდენტის, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, როგორიც იყო, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, გაეროში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთი გაუგებრობები რომ თავიდან იქნას აცილებული, მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენციების და ფუნქციების გამიჯვნის საკითხი დგას. ფუნქციების ჩამოკლების და შემცირებისკენ ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. სასამართლოს ნაწილში, ვფიქრობ, პრეზიდენტის კომპეტენცია მნიშვნელოვანია, ის, რომ მას კანდიდატების წარდგენის და მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილება ჰქონდეს თავად, სხვების მონაწიელობის გარეშე. ზოგადად, კონტრასიგნაციების საკითხები არის გასამართი კონსტიტუციაში და, შესაბამისად, სწორია, თუ მეტი კონკრეტიკა იქნება შემოტანილი,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი