ახალი ამბები

ივანიშვილი: ტარიფების განახევრებაზე ვამბობ უარს

22 ნოემბერი, 2012 • 1057
ივანიშვილი: ტარიფების განახევრებაზე ვამბობ უარს

“განახევრება, რა თქმა უნდა, არ გამოვა, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს,” – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა:

 

“შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ ტარიფების შემცირება, მაგრამ განახევრებაზე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოხერხდება. ალბათ, ვერ მოხერხდება, საუბედუროდ, შემცირება, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ მოსახლეობის სუბსიდირებას, უფრო მეტ სუბსიდირებას მივცემთ გადასახადებში, რომ აქედან მიიღონ შეღავათები, თუმცაღა რაღაც დონით შემცირება გაზისაც და ელექტროენერგიისასაც მოხერხდება. განახევრებაზე ვამბობ უარს.”

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტარიფების კუთხით მათ მიერ გაჟღერებული წინასაარჩევნო დაპირების რეალიზიის პროცესი გაჭიანურდა და ამის მიზეზად მან დაასახელა ის ფაქტი, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ბოლომდე გარკვევა, თუ როგორ ხორციელდება ფასწარმოქმნა ელექტროენერგიასა და გაზზე.

 

მისი თქმით, ახალ მთავრობას წინამორბედის მიერ დაშვებული შეცდომების გასწორება უწევს:

 

“დღეს არის შეხვედრა თურქეთში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და მისი მოადგილე ხვდებიან თურქულ კომპანიას: გარდაბანში იყო დაგეგმილი თბოლოექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა… ეს პროექტი “ინტერ რაოს” უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ რატომღაც 50 მილიონი გადახდილია “საპარტნიორო ფონდიდან”, რომელსაც ამასთან არაფერი კავშირი არა აქვს და ჩვენ ამ ხელშეკრულების დარღვევას ვცდილობთ ახლა, დანაკარგების გარეშე, მეგობრულად გვინდა თურქულ კომპანიასთან გავწყვიტოთ კონტრაქტი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

მისი განცხადებით, მთავრობა ტარიფების საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ჩამოყალობდება, თუმცა ამ ეტაპზე გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ საარჩევნოდ მიცემული დაპირების დაბალანსებას მთავრობა კომუნალური გადასახადების მოსახლეობისთვის ბიუჯეტიდან სუბსიდირების გზით აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი