სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით იხელმძღვანელეს, კერძოდ, განხილული 2755 შუამდგომლობიდან, კრიტერიუმების მიხედვით, რაოდენობრივად დადგინდა შემდეგი თანაფარდობა: ხანდაზმული– 416, სოციალურად დაუცველი– 982, მძიმე ავადმყოფი –127, მრავალშვილიანი– 169 პრობაციონერი და 1061 პირობით მსჯავრდებული, ვისაც საპრობაციო ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ჰქონდა 6 თვემდე ვადა.
მიმდინარე თვეში კომისიამ ასევე განიხილა “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის მოთხოვნები, რომელთა განხილვისას კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა მსჯავრდებულებს, რომელთა უფლების ჩამორთმევის დღიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი, წარსულში ნასამართლეობის არმქონე პირებს, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში იმ პრობაციონერებს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
ზემოღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ჩამორთმეული უფლების აღდგენის 206 განაცხადზე.
კომისიის გადაწყვეტილებები 2 კვირის ვადაში დაეგზავნებათ ადრესატებს.