სტუდია GNS-ი თბილისის მერიის მიერ დღეს, 22 ნოემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდია GNS-ი, რომელიც გადაცემა „კვირის რეპორტაჟს“ ამზადებს, არასოდეს დაინტერესებულა კომპანია „ჰერმესის“ საქმიანობით და ამ თემაზე არც ერთი მათი ჟურნალისტი არ მუშაობს.
” მეტიც, „კვირის რეპორტაჟის“ ავტორსა და წამყვანს ნანა ლეჟავას არასოდეს ჰყოლია მოადგილე. ასეთი შტატი სტუდია GNS-ში არ არსებობს. ბოლო სამი დღის განმავლობაში თბილისის მერიის მხრიდან ეს არის უკვე მეორე ბინძური ცილისწამება სტუდია GNS-ის წინააღმდეგ. გასულ კვირას თბილისის მერიამ, არაერთი დაპირების მიუხედავად, არ გააკეთა კომენტარი თბილისის მერის გიგი უგულავას და მისი ახლო ნათესავების ლას ვეგასურ ვიზიტებთან დაკავშირებით. სიუჟეტის გასვლის შემდეგ მერია მხოლოდ ბინძური ცილისწამებით შემოიფარგლა. სტუდია GNS-ს მიაჩნია, რომ თბილისის მერიის თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავს. ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სტუდია GNS-ი უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს,”- ნათქვამია სტუდია GNS-ის განცხადებაში.
აუდიოჩანაწერში, რომელიც მერიამ გაავრცელა, ჩანს, რომ შპს „ჰერმესის“ საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება.
” მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თანამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი უკანონო გეგმა იგივე პირების მიერ ავტობუსების მძღოლების აქციების პროვოცირების დროს უკვე განხორციელდა.”- აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის მერის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით გარკვეული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, უკანონო ქმედებების ჩადენაა მოსალოდნელი, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირებაა.