“ესეთი სასახლეები რომელიც პრეზიდენტს აქვს შეეფარდება ფეოდალური სახელმწიფოს პირველ პირს და არა დემოკრატიულ სახელმწიფოს რასზეც მას პრეტენზია აქვს დღეს. ასეთი სასახლეებით გართობა, და პრეზიდენტი დღეს ერთობა ასეთი სასახლეებით, ეს მენტალური ფეოდალურ წყობასთან შესატყვისობაში მოდის”, – განაცხადა ივანიშვილმა, მან პრეზიდენტი შეიხს შეადარა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პრეზიდენტი რამდენიმე სასახლეს ფლობს ქუთაისში და თბილისში, პრემიერის განმარტებით ამ გაუგებარი ხარჯების შემცირებით ხელისუფლება განათლების, სოფლის მეურნეობის და სოციალურ სფეროს დაეხმარება და ეს არ არის რევანში პრეზიდენტზე.
იმის მაგალითად თუ როგორი შენობა შეეფერება ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტს როგორიც საქართველოა ივანიშვილმა ბალტიისპირეთის მაგალითი მოიყვანა:
“ბალტიისპირეთის რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტთან იყო უსუფაშვილი, ჰქონდა მიღება, რაღაც ბაღში შევიდა და ამ სურათებს მოგაწვდით, მაქსიმუმ 200 კვადრატული მეტრის შენობა იყო, ვიღაც დახვდა კარებში და ჩამოართვა პალტო, მოგვიანებით მანვე შემოუტანა ყავა, ამის შემდეგ როდესაც პრეზიდენტს რაღაცის ჩაწერა დასჭირდა იგივე პიროვნება შემოვიდა და ეს ყველაფერი ჩაიწერა და ისე გამოვიდა უსუფაშვილი პრეზიდენტისგან რომ მეტი არაფერი აღარ უნახავს, ბალტიისპირეთის ყველა რესპუბლიკა ეკონომიკურად საქართველოზე წინაა და ასეთი პრეზიდენტის სასახლე ჰქონდა, ჩვენ კი გაცილებით უარესად ვცხოვრობთ დღეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.








