ახალი ამბები

პრეზიდენტს შესაძლოა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ჩამოერთვას

28 თებერვალი, 2017 • 3085
პრეზიდენტს შესაძლოა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ჩამოერთვას

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი ერთ-ერთი ალტერნატივის თანახმად, პრეზიდენტს ჩამოერთმევა უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის უფლება.

ეს განცხადება ირაკლი აბესაძემ საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

“როგორც ჩანს, პრეზიდენტს შესაძლებელია ჩამოერთვას პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევს იუსტიციის საბჭო წარმოდგენილი ალტერნატივით, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ერთი მხრივ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეკვეცის და შემცირების კუთხით და, მეორე მხრივ, ნათელია, რომ ეს კვლავ იქნება გამოყენებული ქართული ოცნების მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების და გაძლიერების მიმართულებით,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა, რომ არის ზოგადი ტენდენცია, პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური უფლებამოსილებები დარჩეს. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, შეინახოს ის სახელმწიფო მოხელე, რომლის გადაწყვეტილებას  არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

ლიკა საჯაია ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიზანშეწონილია, კანდიდატურებს წარადგენდეს პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის.

“სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან სასამართლო ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული აღამასრულებელი ხელისუფლებისგან და უნდა სარგებლობდეს დამოუკიდებლობის ძალიან დიდი გარანტიებით,”- განაცხადა ლიკა საჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას არ უარუყვია, რომ ამ მხრივ შეიძლება ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა განაცხადა, რომ წინა სხდომაზე საკითხი პრეზიდენტისთვის ამ უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ დამდგარა:

“აქ არის საკითხი, ზოგადად, რაზე შეიძლება გავრცელდეს კონტრასიგნაციის პრინციპი. ის, რაც არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია, სწორად დავინახოთ. მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, და ეს იყო კონსტიტუციის ჩანაწერი, იქამდე, ვიდრე ის ცვლილებები შევიდოდა კონსტიტუციაში, რომელიც ამოქმედდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წელს, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში თავსებადი იყო. მაგრამ უკვე მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაური არ არის პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური არის პრემიერი,  უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის გადანაწილების სისტემის სახით. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს გარკვეული კორექტივები შეტანილი,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

დღეს, 28 თებერვალს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი