“ჩემი სურვილი იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოფილიყო აქტიური და მათ მიერ წარმოდგენილი ომბუდსმენობის კანდიდატი ყოფილიყო განხილული. ეს ფორმა თვითონ ომბუდსმენობის კანდიდატების განხილვის ოდნავ დაირღვა და ახლა ვცდილობთ ეს ფორმა აღვადგინოთ”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატ ნინა ხატისკაცის მეუღლის გამგებლის მოადგილედ დანიშვნას შეეხებოდა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვერ ერკვევა ამ საკითხში კარგად, თუმცა ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს.
“ამ ლოგიკით ომბუდსმენის ოჯახის წევრი ვერსად ვერ უნდა დასაქამდეს”, – აღნიშნა მან.
ივანიშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატების არჩევის ფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “უჩა ნანუაშვილი განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, სხვა კანდიდატებიც არიან და მათ მოუსმენს პარლამენტი და ამის მერე გაირკვევა”.
შეგახსენებთ, ბოლო დრომდე მმართველი პარტიის ომბუდსმენობის კანდიდატი იყო ნინა ხატისკაცი, რომელსაც უმრავლესობამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინა. 21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ხატისკაცის მეუღლე გამგებლის მოადგილე გახდა მესტიაში. ხატისკაცის გარდა თავისი კანდიდატები ჰყავს სამოქალაქო სექტორს. რამდენიმე ათეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ომბუდსმენობის კანდიდატად თამარ გურჩიანი დაასახელა, სხვა არასამთვრობო ორგანიზაციების კანდიდატები ასევე არიან: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბოლო დროს ამ სიას უჩა ნანუაშვილიც შეემატა.