ახალი ამბები

ივანიშვილი ამბობს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ვიზიტის არჩევანის საშუალება არ აქვს

22 ნოემბერი, 2012 •
ივანიშვილი ამბობს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ვიზიტის არჩევანის საშუალება არ აქვს

“ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ იმდენი საქმე გვაქვს ჩვენ, რომ 3-4 დღე, რომელიც მე ვერ ვახერხებდი გუნდში ყოფნას, ძალიან ბევრი პრობლემები შეგვიქმნა, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, გარწმუნებთ, ძალიან დიდი პრობლემებია, პრობლემები არ ჰქვია ამას, ჩამოყალიბება უნდა გუნდს, ვერტიკალს უნდა ძალიან მკაცრი გამაგრება…

 

…ევროპულ ვიზიტი წარმატებული იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის 4 დღე ძალიან ძვირად დამიჯდა და ძალიან ძვირად დაგვიჯდა პრინციპში, განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა და ამიტომაც შემდგომ წელს დავგეგმავ ამერიკაში ჩემს ვიზიტს, რომელიც უფრო ხანგრძლივი იქნება”, – აცხადებს ივანიშვილი. 

 

მისივე თქმით, აშშ-ში 29 ნოემბერს გაემგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს.

 

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი აშშ-ში შედგებოდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ის დაარწმუნეს იმაში, რომ ვიზიტი ბრიუსელში უნდა განეხორციელებინა. ივანიშვილი ბელგიის დედაქალაქში უკვე იმყოფებოდა და მას შემდეგი ვიზიტი ვაშინგტონში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა დღეს აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი გადადებულია და მომავალ წელს დაიგეგმება.

 

შეკითხვაზე, ვაშინგტონში წასვლამდე არის თუ არა მოსალოდნელი, შეხვდეს რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს და არჩიოს მოსკოვში ვიზიტი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევანის საშუალება არა აქვს, რადგან ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები.

 

“რუსეთში ვერა, მაგრამ ევროპაში და სხვაგან შეიძლება მოხერხდეს შეხვედრა,” – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე (მისი პირადი წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის საკითხებში) შესაბამისი რეაქცია და პასუხი არ მიუღია რუსეთის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი