“უნივერსალური დაზღვევის მოდელი უფასო მედიცინას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 100% -ს ექნება დაზღვევა, თუმცა, ზოგ მათგანს ექნება საბაზისო, ზოგს– უფრო მეტი. ორიენტირებული იქნება სოციალურ და ასაკობრივ კატეგორიებზე. ეს იქნება ძირითადი და აუცილებელი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
მისივე განმარტებით, საყოველთაო დაზღვევის ეს მოდელი, ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული (2010 წელს) დაზღვევის ოპტიმალურ მოდელად არის აღიარებული.
“დღეს საქართველოში გარკვეულ ნაწილს აქვს სადაზღვევო პაკეტი, ეს არიან: 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, საპენსიო ასაკის მოქალაქეები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, სტუდენტები, თუმცა არის ძალიან დიდი რაოდენობა მოქალაქეების, 2 500 000 ადამიანი დაახლოებით, რომელსაც უბრალოდ არანაირი დაზღვევა არ გააჩნია. და ეს არის ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები, რომელთა დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიების ახორციელებენ. სწორედ ეს დარჩენილი ნაწილი უნდა უზრუნველვყოთ საბაზო პაკეტით,”- ამბობს სერგეენკო.
ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდიდან შეძლებს დაზღვევის გარეშე დარჩენილი ნაწილი უფასო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობას.
ჯანდაცვის მინისტრმა დაზღვევასთან დაკავშირებით ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში 21 ნოემბერს ისაუბრა.