ახალი ამბები

თბილისის მერია უგულავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აანონსებს

22 ნოემბერი, 2012 •
თბილისის მერია უგულავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აანონსებს

როგორც მერიაში ამბობენ, შპს „ჰერმესის“ ყოფილმა თანამშრომელმა თბილისის მერიას  მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რომლის აუდიოჩანაწერსაც მერია გაავრცელებს.

 

“ჩვენ მადლობას ვუხდით შპს „ჰერმესის“ ყოფილ თანამშრომელს და შეგნებულად არ ვასახელებთ მის ვინაობას საჯაროდ, თუმცა  საქართველოს პროკურატურას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით.”  

 

აუდიოჩანაწერში, როგორც მერიაში ამბობენ, ჩანს, რომ შპს „ჰერმესის“ საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება.

 

“ასევე მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თანამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი უკანონო გეგმა იგივე პირების მიერ ავტობუსების მძღოლების აქციების პროვოცირების დროს უკვე განხორციელდა.

 

რამდენადაც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების გეგმებში არის მძიმე დანაშაულის მზადების ნიშნები, როგორიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (მუხლი 225), ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა (მუხლი 226) ან/და დანაშაულის პროვოკაცია, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციას ვუგზავნით საქართველოს პროკურატურას და ვთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინონ სიმართლე საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით.

 

თბილისის მერია აღნიშნულ ინფორმაციას საჯაროდ  ერთადერთი მიზნით ავრცელებს, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება და გაფრხილება,  არ ენდონ ამ შინაარსის ყალბ ცნობებს და მათდაუნებურად არ აღმოჩნდენენ უკანონო ქმედებების განხორციელებაში ჩართული.” -ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი