“სამინისტროს გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და აღმოვაჩინეთ, რომ ბატონი ქელბაქიანი ეწეოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ჩვენი მიზანი არ იყო, აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად”, – განაცხადა მინისტრმა “მე–9” არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი მთავრობა ცდილობს ნებისმიერი დაკავება პოლიტიკურ დევნას დაუკავშიროს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება:
“სამინისტროს გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და აღმოვაჩინეთ, რომ ბატონი ქელბაქიანი ეწეოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ჩვენი მიზანი არ იყო, აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის წყლის ყოფილი ხელძღვანელი გიორგი ქელბაქიანი, რომელიც ამჟამად სამშენებლო კომპანიის შპს ენსისის დირექტორია, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
მოგვიანებით ქელბაქიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ:
“ბატონი ქელბაქიანი რიყის თეატრის მშენებლობაში მონაწილეობს. თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრი თეატრს მისკენ მიმართულ ზარბაზნის ლულად აღიქვამს და მისი დანგრევით იმუქრება. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გემოვნების გამო მოქალაქეებს აკავებენ.
ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გეგი ქელბაქიანის კომპანია თეატრს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ასრულებს. შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ხომ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ თვითმმართველობა მას არ ექვემდებარება.
მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით“, – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.





