ახალი ამბები

ომბუდმენის წარმომადგელები დეკანოზ მამალაძეს შაბათს მოინახულებენ

24 თებერვალი, 2017 • 1585
ომბუდმენის წარმომადგელები დეკანოზ მამალაძეს შაბათს მოინახულებენ

სახალხო დამცველის წარმომადგენლები შაბათს მოინახულებენ პატიმრობაში მყოფ დეკანოზს. მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

“შაბათს შევლენ და მოინახულებენ ომბუდსმენის წარმომადგენლები. თუ საჭირო გახდა, პირადად ომბუდსმენიც”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის პრესსამსახურმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზის სიცოცხლე შესაძლოა საფრთის წინაშეა. ადვოკატი ამ განცხადებას პროკურატურის დამოკიდებულებას უკავშირებს, რომელმაც რამდენიმედღიანი დაკითხვის მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებული კვლავ არ დაკითხა.

ვინაიდან შაბათ-კვირას ადვოკატები  მოკლებულნი არიან დეკანოზ გიორგისთან შეხვედრის შესაძლებლობას, სახალხო დამცველს სთხოვეს, დეკანოზი ციხეში ინახულოს. ადვოკატმა პრემიერს, პრეზიდენტს, მთავარ პროკურორს და საზოგადოებასაც  მიმართა:

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შაბათ-კვირა მოდის, მე, რა მოხდება, არ ვიცი. ასეთი უპასუხისმგებლობა გამოძიების მხრიდან არის ჩემთვის მიუღებელი. დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები, რომ ის ეჭვები, რაც გვაქვს, რომ მამა გიორგის შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, იყოს აღმოფხვრილი”,- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 24 თებერვლის საღამოს.

24 თებერვალს პროკურორი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში მივიდა,  სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება. დღეს დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ნიმუშების აღება და  დეკანოზის დაკითხვა, თუმცა გამოძიებამ ის კვლავ არ დაკითხა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე  მთავარმა პროკურატურამ  მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს და აღარც 24 თებერვალს დაკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი