როგორც საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, არსებობს უამრავი კითხვა როგორც თანხის ხარჯვასთან, ასევე სასტუმროს მშენებლობის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით.
ზაზა გაბუნიამ “გუდაურის განვითარების ფონდის” მიერ შპს “ჯორჯიან განსთან” გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დაბა გუდაურში, ახალი სოფლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს:
“შპს ჯორჯიან განსი მანამდე არ ფიქსირდება არც ერთ მსხვილბიუჯეტიან პროექტში, გუდაურის განვითარების ფონდმა კი ამ კომპანიასთან ერთჯერადი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ 2012 წლის 31 ივლისამდე დაბა გუდაურში ააშენებდა სასტუმროს. დღეის მდგომარეობით, 2012 წლის ბოლოსაც კი აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს საძირკველიც კი არ არის ჩაყრილი”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.
სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულია განკარგულება, რომლის მიხედვითაც ფონდს ტენდერის გარეშე, დაჩქარებული ტემპით, ექსკლუზიურად, შეზღუდულ ვადებში საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა. ხელშეკრულებას ხელს მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული მშენებლობის განსახორციელებლად “გუდაურის განვითარების ფონდმა” კომერციული ბანკებისგან 5 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო.
როგორც ზაზა გაბუნია აცხადებს, კითხვებს იწვევს აღნიშნული თანხის ხარჯვის პროცესი:
“ასევე ბუნდოვანია, რატომ შეირჩა ასეთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტის განსახორციელებლად კომპანია “ჯორჯიან განსი”, რატომ არ შესრულდა ხელშეკრულება დადგენილ ვადებში და რატომ არ იქნა განხორციელებული კანონის შესაბამისი ქმედებები ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემდეგ”, – აცხადებს გაბუნია.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად 31 ივლისია მითითებული, გუდაურის განვითარების ფონდის უფროსის მოადგილის ნიკა გრძელიძის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულების ვადა 1 დეკემბერს იწურება:
“„ჯორჯიან განსის“ მიერ სამუშაოების შესრულების მიხედვით, ყველა თანხა ანაზღაურებულია გუდაურის განვითარების ფონდის მიერ. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში სერიოზული ჩამორჩენა იყო მიმდინარე მშენებლობის გრაფიკზე, წერილობით მივმართეთ შემსრულებელ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებები შესრულებული არ იქნება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, „გუდაურის განვითარების ფონდი“ კანონით განსაზღრულ ყველა ზომას მიმართავს და ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში გადაიტანს”, – აღნიშნულია ნიკა გრძელიძის განცხადებაში.
ზაზა გაბუნიას თქმით, ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საკრებულოს ოპოზიციური პარტიების– ქართული ოცნების, საქართველოს და ქრისტიან–დემოკრატების გაერთიანებულ სხდომაზე “გუდაურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები” ოფიციალური წერილის საფუძველზე იქნებიან მიწვეული. სხდომა 23 ნოემბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საკრებულომ დააკმაყოფილა ქალაქ თბილისის მერიის მიმართვა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება მერიის ვალდებულებას აღარ წარმოადგენს, აღნიშნული თანხა კი სხვა სამსახურების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება, მათ შორისაა “გუდაურის განვითარების ფონდიც”.
