ახალი ამბები

რატომ არ არის ვახტანგ კომახიძე პოლიტიკური ნიშნით დევნილების სიაში

20 ნოემბერი, 2012 •
რატომ არ არის ვახტანგ კომახიძე პოლიტიკური ნიშნით დევნილების სიაში

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების საკითხებს სწავლობდა და ამის შემდეგ მიაწოდა რეკომენდაციები და დასკვნები საპარლამენტო კომიტეტს. კაკაბაძე განმარტავს, რომ სიაში მხოლოდ ის პირები შევიდნენ, რომლებმაც მიმართეს კომისიას და რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება – კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამო უკვე იხდიან სასჯელს ან იძებნებიან და ამის გამო ვერ ბრუნდებიან საქართველოში 

 

“ჩვენ გვქონდა იმ ადამიანების სიები და დოკუმენტაცია, რომლებმაც მოგვმართეს. ვახოს არ მოუმართავს იმიტომ, რომ ვახოს წინააღმდეგ არ არის საქმე აღძრული, უბრალოდ, ვახო არის დევნილი. ახლა რომ ჩამოვიდეს, ვახოს ხელისუფლება ვერ დაიჭერს იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ საქმე არ არის. ჩვენ, ძირითადად, ისეთმა ადამიანებმა მოგვმართეს, ვის წინააღმდეგაც არის საქმეები აღძრული, ვინც ვერ ახერხებს ქვეყანაში დაბრუნებას”, – განმარტავს ნანა კაკაბაძე.

 

სიაში ასევე არ არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორები. კაკაბაძე განმარტავს, რომ ისინი უკვე თავისუფალნი არიან, იმყოფებიან საქართველოში და ამის გამო არ მიუმართავთ კომისიისთვის.

 

სამუშაო ჯგუფს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გუშინდელი სხდომის შედეგად დაევალა, შესაბამისი დასკვნა იმ პირებზეც წარმოადგინოს, ვინც პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული და დღეს საპატიმრო უკვე დატოვებული აქვთ.

 

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც შევიდნენ პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა ნუსხაში, კომიტეტის დასკვნით, პარლამენტმა უნდა განსაზღვროს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი და მიიღოს თავისუფლებაში ყოფნის პირობებში თავისუფალი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი