ახალი ამბები

უმაღლესი საბჭო ნაკურთხია

20 ნოემბერი, 2012 • 1061
უმაღლესი საბჭო ნაკურთხია

როგორც უმაღლესი საბჭოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გრძელიძე „ბათუმელებთან“  ამბობს, მსგავსი რიტუალი წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც ჩატარდა, თუმცა მაშინ ეს ფაქტი საჯარო არ გამხდარა.

 

კაბინეტების კურთხევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გავრცელდა აჭარის უმაღლესი საბჭოს გვერდზე.

 

„რელიგიური რიტუალი არ ყოფილა, უბრალოდ, აკურთხეს შენობა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავისი კაბინეტიც აკურთხებინა, ეს წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც ასე იყო, მაშინაც იკურთხა დარბაზი და ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. სხვისი კაბინეტებიც იკურთხა, ვისაც სურვილი ჰქონდა,“ – ამბობს  უმაღლესი საბჭოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

 

კითხვაზე, რამდენად მისაღებია საჯარო სამსახურში მსგავსი რიტუალების ჩატარება, განსაკუთრებით რეგიონის რელიგიური მრავალფეროვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნინო გრძელიძე პასუხობს: „ვინ უკრძალავს სხვა რელიგიების წარმომადგენლებს აქ მოსვლას?!“ 

 

აქვს თუ არა ტრადიციული ხასიათი საჯარო სამსახურების შენობების და თანამდებობის პირთა კაბინეტების კურთხევას, ამის გადამოწმებას „ბათუმელები” აჭარის მთავრობაშიც  შეეცადა. მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სირაბიძის განცხადებით, აჭარის მთავრობაში კაბინეტების კურთხევა არ მომხდარა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კაბინეტების კურთხევის ცერემონიალი აკრძალული არ არის, თუმცა „სამსახური მაინც სამსახურია“.

 

„ჩემი კაბინეტი არ არის ნაკურთხი. გასაგებია, რომ ეს ინტიმური საკითხია და ოჯახში არის ხოლმე ასეთი რიტუალები. არც კატეგორიული მიუღებლობა მაქვს, ინდივიდუალურია ეს თემა და გემოვნების  საკითხია,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან” საუბარში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი