ახალი ამბები

პოლიტიკური თუ ‘შინაური’ პატიმრები? [Video]

19 ნოემბერი, 2012 • 1034
პოლიტიკური თუ ‘შინაური’ პატიმრები? [Video]

სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ სიაში მოხვდნენ მუხროვანის, ე.წ. კოჭოიას, სპეცოპერაცია „ენვერის“ და 26 მაისის აქციის საქმეზე დაპატიმრებული პირები. 
 
 
სიაში ასევე წარმოდგენილნი არიან: გიორგი დემეტრაძე, ბადრი ბიწაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და და სხვა პირები.

 
საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში აჭარაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 11 პირი იქნა დაკავებული, მაშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება ე.წ. “ენვერის” სპეცოპერაციის თაობაზე, რომლის შედეგადაც გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. ‘გრუ”-სთან) ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი.

 
პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა დამცველის“ წევრი ნანა კაკაბაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ სპეცოპერაცია „ენვერის“ დროს ადამიანების დაკავება წმინდა პოლიტიკური საქმე იყო:

 
„ბუნებრივია, ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოს ჰყავს მტერი, მაგრამ ამის გამოყენება ხდებოდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. სწორედ ასეთი საქმე იყო “ენვერის” საქმე, ამით ხელისუფლებამ აჩვენა, როგორ აღმოაჩენს და შემდეგ როგორ ამარცხებს მტერს და, ბუნებრივია, ჩვენ ყველა ამ საქმის მონაწილე ვცანით პოლიტიკური ნიშნით დევნილად და დაპატიმრებულად“. 

 
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის მოსაზრებით, საქმე პოლიტპატიმრებთან კი არა, „შინაურ პატიმრებთან გვაქვს“:

 
„ეს არის შინაურ პატიმართა ნუსხა, თუ ვინმეს გაახსენდა თავისი თანამოაზრე, თანაპარტიელი და ნათესავი და იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ეს არის ტერორიზმი, ჯაშუშობით, მკვლელობის მცდელობით დაწყებული თაღლითობით დამთავრებული. ნებისმიერ პატიმარს იხილავენ აქ, რომელსაც აკრული აქვს პოლიტიკური სარჩული და უმრავლესობა მალე შეეცდება, რომ გაუღოს სასჯელაღსრულების კარი“.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საყვარელიძე, რომელიც ყოფილი პროკურორია, პირადად მონაწილეობდა სიაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებაში.

 
„საქართველოს პარლამენტისთვის და ჩვენი კომიტეტისთვის ღირსების საკითხია სამართლიანობა აღვადგინოთ, თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. დიახ, პოლიტიკური პატიმრები ჰყავს საქართველოს და დიდი სირცხვილია, რომ დღემდე ისინი პატიმრობაში რჩებიან“.

 
მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანოებმა ძალიან კვალიფიციური არგუმენტები წარმოადგინეს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით:

 
„ძალიან კვალიფიციური არგუმენტებია მოხმობილი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ.”

 
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ჯაშუშობის და სხვა ძალიან სერიოზული მუხლით მსჯავრდებული პირების საქმე კონკრეტულად უნდა ყოფილიყო შესწავლილი:

“ჩვენ ამ კომისიის მუშაობას, რა თქმა უნდა, მხარი ვერ დავუჭირეთ, რადგან ძალიან ზერელედ მოახდინეს ძალიან ბევრი საქმის გადახედვა“.

 
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადგენილება ცხრა ხმით ნულის წინააღმდეგ მიიღო. კომიტეტის გადაწყვეტილებითვე, პოლიტიკური ნიშნით პატიმართა და დევნილთა საქმეების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს ვადა ორი კვირით გაუხანგრძლივდა, რათა მათ დარჩენილი საქმეები შეისწავლონ. 
 
 
დადგენილებას კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს პლენარული სხდომისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი