ახალი ამბები

‘ნაციონალური მოძრაობის’ და უმცირესობის ფანდები ბათუმის საკრებულოში

19 ნოემბერი, 2012 • 1353
‘ნაციონალური მოძრაობის’ და უმცირესობის ფანდები ბათუმის საკრებულოში

ქვორუმი არ შედგა, რადგან სხდომაზე  საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ ცხრა  გამოცხადდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე აცხადებს, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დღევანდელმა სხდომამ განაპირობა: „დღეს სხდომაზე გამოტანილი 19 საკითხიდან ათი საკითხი ჩააგდეს. ამას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და იყო ძალის დემონსტრირება დღევანდელი მთავრობის მხრიდან. ჩემი თხოვნით, ჩემი  ფრაქციის წევრებმა მოამზადეს საკითხი, რომელიც გულისხმობდა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, სამწუხაროდ, საკითხის განხილვა არ შედგა, როგორც ჩანს, ისინი არ არიან მზად თავმჯდომარის გადასაყენებლად“.  – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

იგი  ამბობს, რომ საკრებულოს ყველა წევრმა იცოდა საღამოს დანიშნული საგანგებო სხდომის შესახებ, თუმცა არ გამოცხადებულან: „ჩვენ ეს ქმედება იმიტომ კი არ გვინდოდა, რომ 3-6 თვით გამეხანგრძლივებინა თანამდებობა, არამედ იმიტომ, რომ ქალაქის მუშაობას ექმნება პრობლემა. ეს ადამიანები კი ქალაქზე კი არ ზრუნავენ, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან“. 

 

 

კითხვაზე, რატომ არ შედგა ქვორუმი? საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი პასუხობს: „ჩვენ შეგნებულად არ შევედით სხდომაზე, იმიტომ, რომ ქვორუმი არ შემდგარიყო. რომ შევსულიყავით სხდომაზე, „ნაცმოძრაობა“ ჩააგდებდა საკითხს და სამი თვის განმავლობაში თავმჯდომარის გადაყენების საკითხს ვეღარ დავაყენებდით. ამაზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ და თუ გადასაყენებელია, საკრებულო გადააყენებს.“

 

 

ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან დემოკრატი“ წევრი  ნაზიბროლა ქობულაძე კი ამბობს, რომ ეს იყო „კარგად მოფიქრებული ფანდი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.  ის ადამიანები, რომლებმაც დღეს საკითხები ჩააგდეს, არიან მერყევი ადამიანები, ნაციონალებმა ეს იციან, ამიტომ საჭიროდ  ჩათვალეს, რომ საკითხი თვითონ გამოეტანათ. არც სხვა პარტიებს აქვთ ნაკლები გამჭრიახობა და  ფანდმა არ გაჭრა. თუ წასვლა უნდა, თვითონ წავიდეს კენჭისყრის გარეშე“.

 

 

საკრებულოს ოპოზიციას გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ორი ხმა სჭირდება, ოპოზიცია ამ ორი ხმის მოპოვებისთვის იბრძვის.    

მასალების გადაბეჭდვის წესი