ახალი ამბები

მმკ-ს წევრებს შეიძლება პოლიტპატიმრების სტატუსი მიენიჭოთ [Video]

19 ნოემბერი, 2012 • 1633
მმკ-ს წევრებს შეიძლება პოლიტპატიმრების სტატუსი მიენიჭოთ [Video]

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს მოუსმინეს.

 

მართალია, სამუშაო ჯგუფში საკუთარი გადაწყვეტილებით აღარ მონაწილეობს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, ისევე, როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, მაგრამ პარლამენტს მაინც მიაწოდეს მათ მიერ შესწავლილი პოლიტიკური პატიმრების საქმეები.

 

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ სამუშაო ჯგუფს მიმართეს, მმკ-ს 8 წევრს მიენიჭოს კონკრეტული სტატუსი:

 

“ძალიან ბევრი უზუსტობა არის ამ საქმეში და სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატმა წარადგინა ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ამ საქმეზე წარმოვადგინეთ ასევე ჯგუფში, რომ მიენიჭოს კონკრეტული სტატუსი”.

 

ესენი არიან – ლევან ჩაჩუა, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, დავით შალამბერიძე, ჯაბა გურჩიანი, შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე და გიორგი გაბედავა, რომლებსაც სასჯელს იხდიან სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ხულიგნობა) დარღვევისთვის. სასამართლომ თითოეულ მათგანს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მათი საქმე უკავშირდება 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მმკ-სა და სმმ-ს (”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”) წევრების მიერ სკანდალის მოწყობას. პირდაპირი ეთერის ჩაშლას წინ უსწრებდა ამავე გაერთიანებების მიერ იმავე დღეს ილიას  უნივერსიტეტის წინ ”საიდუმლო სირობის” საწინააღმდეგო აქციის გამართვა, რა დროსაც მმკ-ს წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტის წინ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილ თოქ-შოუს ესწრებოდნენ ტელეკომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი