ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: პროკურატურას შეიძლება ჩაეთვალა, რომ მნიშვნელოვანია საპატრიარქოსთან პოზიციების შეჯერება

23 თებერვალი, 2017 • 2386
გედევან ფოფხაძე: პროკურატურას შეიძლება ჩაეთვალა, რომ მნიშვნელოვანია საპატრიარქოსთან პოზიციების შეჯერება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საპატრიარქო განსაკუთრებული ინსტიტუციაა და სინოდის წევრებისთვის ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გაცნობა შესაძლოა პროკურატურამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

“საპატრიარქო განსაკუთრებული ინსტიტუციაა. შეიძლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არ გვქონდეს გაწერილი, მაგრამ პროკურატურა გადაწყვეტილებებს იღებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო გამოდის მხარე, თან დაინტერესებული მხარე, ეს ყველაფერი საპატრიარქოში არსებულ სიტუაციას ეხება, მაშინ პროკურატურას შეიძლება ჩაეთვალა, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია საპატრიარქოსთან პოზიციების შეჯერება,” – აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.

მისივე თქმით, ეს საქმე ისეთი შემთხვევაა, როცა გამოძიების მიმართ საპატრიარქოს ნდობის ხარისხს  დიდი მნიშვნელობა აქვს:

“იმიტომ, რომ საპატრიარქოს არ უნდა, დასვას კითხვის ნიშნები. ეს კითხვის ნიშნები საზოგადოებაშიც გამოიწვევს ისეთი განწყობების შექმნას, რომელიც გამოძიებას არ წაადგება. ძნელია საუბარი, როცა არ იცი, რა ხდება. მე მაინც მირჩევნია მივენდო საგამოძიებო მოქმედებებს და პროკურატურის პოზიციას, ვიდრე კითხვის ნიშნების დასმა დავიწყო და ხელი შევუშალო საქმიანობაში”.

ფოფხაძის აზრით, გამოძიების გადასაწყვეტია, დაიკითხება თუ არა შორენა თეთრუაშვილი:

“ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენებებიდან.  ხოლო, თუ ვიღაც საქმეში მიზანმიმართულად არევს ადამიანებს, რომლებსაც საქმესთან არავითარი კავშირი აქვთ, ესეც გამოძიების შეფასების საგანია. მეუფე პეტრე კონკრეტულ ადამიანზეა განაწყენებული,  იმის მიუხედავად, რომ ეპისკოპოსია და ადამიანურად, ჩვენ სასულიერო პირების მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ არიან და ვიღაცებზე წყენა არ აქვთ. თუ წყენა მას ისე ალაპარაკებს, რომ ის ადამიანი  [შორენა თეთრუაშვილი] შეიძლება ცრუ ბრალდების როლში აღმოჩნდეს, ეს, არ მგონია, სწორი იყოს. ”

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი