ახალი ამბები

სამინისტრო: დეკანოზთან მნახველების შესვლა შეზღუდულია გამოძიების და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე

23 თებერვალი, 2017 • 2732
სამინისტრო: დეკანოზთან მნახველების შესვლა შეზღუდულია გამოძიების და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არ შეუშვეს მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც წინასწარ პატიმრობაშია მკვლელობის მოზმადების მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე:

“პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გ.მ.-სთან მნახველების შესვლა შეზღუდულია გამოძიების ინტერესებიდან და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. ამასთან, დაწესებულებაში შესვლისა და ბრალდებულთან შეხვედრის საშუალება შეუზღუდავად აქვთ მის ადვოკატებსა და სახალხო დამცველს”, – უთხრეს ნეტგაზეთს სამინისტროში.

მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ აქვს საშუალება, გაეცნოს მედიით გავრცელებულ ცნობებს, ვინაიდან მას არ აქვს ტელევიზორი.

“რაც შეეხება, ტელევიზორით სარგებლობას, ბრალდებულ გ.მ.-ს, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს, ამ საკითხთან დაკავშირებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს”, – განმარტავს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პარასკევს, 17 თებერვალს, გადაიყვანეს მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში, საიდანაც გუშინ, 22 თებერვალს, უკან დააბრუნეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი