ახალი ამბები

უგულავა: პრემიერმა იმ ინსტიტუტებზე შეტევა გადაწყვიტა, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არაა

15 ნოემბერი, 2012 • 962
უგულავა: პრემიერმა იმ ინსტიტუტებზე შეტევა გადაწყვიტა, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არაა

“დღეს ჩვენმა პროკურატურამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი: უკვე დაკავებულია ჩემი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. მიუხედავად იმისა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბრალდება არ ეხება მის მერიაში საქმიანობას, ის სულ რაღაც ერთი თვეა თბილისის მერიაში მუშაობს, მე, პირადად, ვუდგები მას თავდებში, ვინაიდან ვიცნობ მას ძალიან დიდი ხანია, ვიცი, რომ ის არის პროფესიონალი, ერთგული და პატიოსანი ადამიანი. ეს იქნება სასამართლოს წინაშე თავდებობა თუ ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რაც მე პირადად შეიძლება განვახორციელო, მზად ვარ ჩავერთო, ვინაიდან, ვთვლი, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა”, – განაცხადა უგულავამ.

 

მისი თქმით, საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ყველა იმ ინსტიტუტზე შეტევა, რომელიც არ იმყოფება მისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ:

 

“ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, ის ხალხს დაპირდა კეთილდღეობას, მატერიალური პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ მან გაიმარჯვა 54%-ით და მან უნდა მართოს ქვეყანა იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კანონით და კონსტიტუციით გააჩნია ცენტრალურ მთავრობას და მმართველ კოალიციას.

 

როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი, დაიქვემდებაროს მთლიანად აღმასრულებელი ვერტიკალი, მიიტანოს შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, თბილისის მერიაზე, ეროვნულ ბანკზე, კონტროლის პალატაზე და ყველა იმ ინსტიტუტზე, აღარ ვსაუბრობ სასამართლოზე და სხვა ნებისმიერ ინსტიტუტზე, რომელიც არ შედის პირდაპირ მთავრობის კომპეტენაციაში.”

 

უგულავას თქმით, ქვეყანა შედის მძიმე დაპირისპირებაში:

 

“ან საქართველოში გადარჩება განსხვავებული აზრი, საქართველოში იქნება დემოკრატიული პროცესები, ან მივიღებთ მხოლოდ რევანშს, შეპირებული კეთილდღეობის ნაცვლად. ამიტომ მე მინდა ის და მთელი მისი მსტოვრები, რომლებიც დაგეშილი, იმასაც კი აღარ კადრულობენ, რომ საზოგადოებას გააცნონ, ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკური თანამდებობის პირს რა ბრალს უყენებენ. ეს დაპირისპირება მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ზარალს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს კარგად ესმის საერთაშორისო საზოგადოებას, ეს კარგად გვესმის ჩვენ. ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, როგორც შეეფერება ცივილიზებულ ერს, მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს პოლიტიკური შანტაჟით სიარულს, ეს არის ის ბუმერანგი, რომელიც სადაც არ უნდა გაიქცე, მაინც უკან დაგიბრუნდება და ცხვირში მოგხვდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი