ახალი ამბები

ილია II: სახელმწიფოს და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, ხალხს უნდა მივცეთ პასუხი

21 თებერვალი, 2017 • 4205
ილია II: სახელმწიფოს და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, ხალხს უნდა მივცეთ პასუხი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს.

ეს განცხადება ილია მეორემ საპატრიარქოში, სასულიერო პირებთან და პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.

“ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი, წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა და ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას.

უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა- და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს,”- განაცხადა პატრიარქმა.

2 თებერვლიდან 20 თებერვლამდე ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ იმყოფებოდა.  ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი