ახალი ამბები

კომიტეტმა საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებაზე პროექტის კენჭისყრა გადადო

21 თებერვალი, 2017 • 13024
კომიტეტმა საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებაზე პროექტის კენჭისყრა გადადო

დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა, რომლის მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების წესები მკაცრდება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა არ ჩატარებულა და გადაწყდა, რომ პაკეტზე მომუშავე ჯგუფი მომდევნო კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება და უკონტაქტო პატრულირების დეტალებს განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა. მართვის მოწმობის მქონე პირს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულა გამოაკლდება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით,  წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას ან შეჩერებას  გამოიწვევს. პარლამენტი პაკეტის მეორედ მოსმენის დროს გადაწყვეტს, კონკრეტულად რომელი წესი დამტკიცდება.

ცვლილებების მიხედვით, შემოდის ფარული პატრულირების კომპონენტი. კერძოდ,  პოლიცია უფლებამოსილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა. პარლამენტი ასევე მეორედ მოსმენის დროს განსაზღვრავს, ფარული პატრულირებისას იქნება თუ არა მითითებული ავტომობილზე ვიდეოგადაღების შესახებ.

“საქართველოში საკმაოდ მაღალია ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა, ძალიან მაღალია დასახიჩრებულ, დაავადებულ და დაშავებულ ადამიანთა რაოდენობა. საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ მხრივ. ეს გვკარნახობს, რომ პრევენციული ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ,” – აღნიშნავს ეკა ბესელია.

მისივე თქმით, რეფორმაზე მუშაობისას პროექტი დაიხვეწება:

“უკონტაქტო პატრულრიება იმას ემსახურება, რომ მეტი პრევენცია განხორციელდეს იქ, სადაც უფრო ცოტა საპატრულო ეკიპაჟია, ან სადაც დარღვევები იმატებს. ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის და საჯარო ინტერესის დაცვის ბალანსი არ დაირღვეს. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაშია ასეთი სისტემა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი