ახალი ამბები

სომხური ეკლესია საპატრიარქოს გარდა სხვა კონფესიების საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

15 ნოემბერი, 2012 • 1220
სომხური ეკლესია საპატრიარქოს გარდა სხვა კონფესიების საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

მისი თქმით, ის მიესალმება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოს დაფინანსებას, თუმცა მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, ზოგადად, ეკლესიების დაფინანსების მოდელი შექმნილიყო, კერძოდ, მოხდეს არამართლმადიდებლური კონფესიების პროპორციული დაფინანსება:

 

“მაგალითად, თუკი მინიმალური გათვლებით სომხური ეკლესიის მრევლი შეადგენს გადასახადის გადამხდელთა 5%-ს, მაშინ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 5% გამოიყოს სომხური ეკლესიისთვის”, – აცხადებს ლევონ ისახანიანი, სომხეთის სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე.

 

საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 800 000 ლარიდან 25 მილიონამდე იზრდება.

 

ისახანიანი ამბობს, რომ თუკი თანხები პროპორციულად სხვა კონფესიებისთვისაც გადანაწილდება, ეს თანხა მოხმარდება ტაძრების რესტავრაციას და სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას.

 

ეს განცხადებები სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა დღეს, 15 ნოემბერს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გააკეთა, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების გარდა, ესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

 

ისახანიანის განცხადებას აღნიშნულ შეხვედრაზევე გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი და არ ხმარდება ტაძრების რესტავრაციასა და სხვა ღონისძიებებს. 

 

ლევონ ისახანიანმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე sთხოვა საქართველოს ახალ მთავრობას, შემუშავდეს საქართველოში 6 სადავო ტაძრის სომხური ეკლესიისთვის დაბრუნების გეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი