ახალი ამბები

სუბარი განმარტავს, რატომ არ გადაიყვანეს ახალაია ‘მატროსოვის ციხეში’

14 ნოემბერი, 2012 • 1023
სუბარი განმარტავს, რატომ არ გადაიყვანეს ახალაია ‘მატროსოვის ციხეში’

სოზარ სუბარმა შეკითხვებს “რუსთავი 2”–ის ეთერში უპასუხა. მისი თქმით, ბაჩო ახალაიასთვის ცალკე საპყრობილე ვერ აშენდება, შესაბამისად, იმ საპყრობილეში იქნება მოთავსებული, სადაც მისი უსაფრთხოება ყველაზე მეტად იქნება დაცული:

“ეს არის საპყრობილე, სადაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოათავსა ირაკლი ოქრუაშვილი, ისიც იყო ჯერ შს მინისტრი და შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ეს მოხდა მისი უსაფრთხოების გამო, ჩვენც ერთადერთი, რაზეც ვზრუნავთ, არის უსაფრთხოება. მატროსოვის ქუჩაზე მდებარე საპყრობილეში არის ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ძალიან ბევრს აქვს ძალიან დიდი პრეტენზიები ბაჩო ახალაიას მიმართ. გარდა ამისა, იქ არის სხვა ინფორმაციებიც, რომლის შესახებაც არ ღირს ამჟამად საუბარი, ცოტა დროის გასვლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზეც ვილაპარაკოთ. შემდეგ დღეებში, თუკი ჩავთვლით, რომ იქ გადაყვანა არის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, ამისთვისაც მზად ვართ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით, უსაგნოა ყველა ის განცხადება, რაც ახალაიას გადაყვანასთან დაკავშირებით ციხის გარეთ გაკეთდა:

“რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ოქრუაშვილი, ალანია და სხვა პირები იყვნენ ისეთ პირობებში, როდესაც მათი მონახულება შეეძლო მხოლოდ სახალხო დამცველს. დღეს, გარდა სახალხო დამცველისა და მისი ადვოკატებისა, ამ ადამიანის მონახულების საშუალება დღეღამის ნებისმიერ დროს აქვთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს, 51 კაცს, რომელთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებსაც გამოაქვთ ინფორმაცია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, თუკი ახალაიას გადაყვანა მოხდება სხვა დაწესებულებაში, ეს იქნება საღი აზრიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ამას სხვები ითხოვენ, ეს სიტუაცია კი პოლიტიკური სპეკულირებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი