“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) მიიჩნევს, რომ ინტერნეტ-თავისუფლებისთვის ცალკე მუხლი უნდა გამოიყოს კონსტიტუციაში.
“ინტერნეტის მნიშვნელობა და საჭიროება თანამედროვე სამყაროში იზრდება, რაც იმავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ძირითად უფლებებზე. მართალია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დამდგენი რიგი ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია იმგვარად, რომ ფარავს ინტერნეტ-თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ინტერნეტ-თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი უფლება, საქართველოს კონსტიტუციით არ არის განმტკიცებული”, – აცხადებს IDFI.
ორგანიზაცია იუწყება, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად იქნა აღიარებული. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება), რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე (Offline). რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტური ინსტრუმენტია. ხოლო რეზოლუციის მე-10 პუნქტით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო „ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას.“
“მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინტერნეტ-თავისუფლებისთვის გამოიყოს ცალკე მუხლი, რომელიც გააერთიანებს ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, ინტერნეტთან კავშირისა და თავისუფლად სარგებლობის უფლებას”, – აცხადებს IDFI და ამ მუხლის ასეთ ფორმულირებას სთავაზობს საკონსტიტუციო კომისიას”
24-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი
„11. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და თავისუფლად სარგებლობის უფლება.“